პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბუქარესტში ქართული დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართა


29.04.2024

მიმდინარე წლის 29 აპრილს ბუქარესტში, რუმინეთის საპატრიარქოს წმინდა სინოდის ბიბლიოთეკაში გაიმართა ქართული დოკუმენტური ფილმის „ქართული მემკვიდრეობა ევროპის წიაღში - პეტრიწონის მონასტერი და ანთიმოზ ივერიელი“ პრეზენტაცია.

ღონისძიება რუმინეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა.

ფილმი თომა ჩაგელიშვილის საავტორო პროექტია, რომელიც შეიქმნა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ისა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელშეწყობით. ღონისძიების მიზანი იყო, ფართო აუდიტორიისათვის წმინდა ანთიმოზ ივერიელის მოღვაწეობის მაგალითზე,, საქართველო-რუმინეთის რელიგიური, კულტურული და ისტორიული ურთიერთობების წარმოჩენა და რუმინეთში საქართველოს პოპულარიზაცია.

ფილმის დაწყებამდე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა და რუმინეთის საპატრიარქოს ქორეპისკოპოსმა ვარლაამ პლოიეშტელმა.

ფილმის ჩვენებას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, რუმინეთის საპატრიარქოს, რუმინეთის სენატისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს, ქართული დიასპორისა და „რუმინეთში საქართველოს მეგობართა ჯგუფის“ წარმომადგენლები.