პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში საქართველოსადმი მიძღვნილი მასშტაბური გამოფენა გაიხსნა


30.04.2024

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და პოლონეთის კულტურის მინისტრის პატრონაჟით, კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში გაიხსნა ქართული კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილი მასშტაბური გამოფენა - „ოქროს საწმისი - საქართველოს ხელოვნება“.

გამოფენის გახსნის ღონისძიებაზე საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა დამსწრე საზოგადოებას მიმართა და აღნიშნა, რომ ამ გამოფენით ქართულ-პოლონურ ურთიერთობებში ახალი ფურცელი გადაიშალა, ასევე, ასეთი მასშტაბური ღონისძიება ხელს შეუწყობს ორი ერის კულტურის დაახლოებას და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაგრძელებას.

აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ეს არის საქართველოს შესახებ უცხოეთში გამართული უპრეცენდენტო მასშტაბის გამოფენა.

ევროპელ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს საქართველოს მდიდარ კულტურას, ქართული ხელოვნების შედევრებს, ყოფის ამსახველ და საბრძოლო ხელოვნების გამორჩეულ ნიმუშებს. ასევე, ქართული მოდერნიზმის საუკეთესო წარმომადგენელთა შემოქმედებასაც. ამ ექსპოზიციაზე პირველად გამოიფინა პოლონეთის სხვადასხვა მუზეუმში დაცული არაერთი ქართული არტეფაქტი.

გამოფენაში მონაწილეობს 14 ქართული მუზეუმი, როგორც დედაქალაქიდან, ასევე, რეგიონებიდან.

გამოფენაზე წარადგინეს ორენოვანი - ინგლისურ-პოლონური კატალოგი, რომელიც მკითხველს ქართული კულტურის განვითარების სხვადასხვა ეტაპს აცნობს. კატალოგის ინგლისურენოვანი ვერსია საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა.

საქართველოში გამოფენის მომზადებას ხელმძღვანელობდნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილე, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, ნიკა ახალბედაშვილი და ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია, რომელიც არის გამოფენის კურატორი. გამოფენას ჰყავს პოლონელი კურატორიც - ცნობილი ბიზანტიოლოგი, პროფესორი მიროსლავ კრუკი.

გამოფენის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ ქართული ხალხური სიმღერები და ენახათ ტრადიციული ცეკვები.

გამოფენა 2024 წლის 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ:

https://www.facebook.com/muzeum.narodowe.krakow