პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

13 აპრილს ტალინში გაიხსნა ციფრული გამოფენა „ქართული ანბანის სამი სახეობა“


17.04.2023

13 აპრილს, ტალინში, ესტონეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ციფრული გამოფენა – „ქართული ანბანის სამი სახეობა“ გაიხსნა. ღონისძიება სიმბოლურად დედა ენის დღის აღსანიშნავად გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს კულტურის სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებმა, მეცნიერებმა, საქართველოს ესტონელმა მეგობრებმა, ქართულმა დიასპორამ და ესტონეთში საქართველოს საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა.

ციფრული გამოფენა ესტონეთის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა იანე ანდრესოომ და საქართველოს ელჩმა არჩილ ყარაულაშვილმა გახსნეს. დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართა ესტონეთში მცხოვრებმა ქართველმა ბიბლიოთეკარმა მანანა კოხტაშვილმა. ღონისძიების ფარგლებში საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს რამდენიმე ქართული ლექსი.

ღონისძიების დასასრულს, ესტონეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გაიმართა მცირე მიღება – ღვინის დეგუსტაცია. ესტონეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ციფრული გამოფენა – „ქართული ანბანის სამი სახეობა“ ერთი კვირა იქნება წარმოდგენილი.

გამოფენა უპირველესად ემსახურება ქართული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას.