პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

18 დეკემბერი - მიგრანტთა საერთაშორისო დღე


18.12.2020

გაეროს სააგენტოს - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელის გზავნილი მიგრანტთა საერთაშორისო დღესთან - 18 დეკემბერთან დაკავშირებით

 

კოვიდ -19 პანდემიამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა ჩვენს ცხოვრებაზე. მან სერიოზულად შეზღუდა ჩვენი მობილობა სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული თუ სხვა ასპექტით. განსაკუთრებით დაზარალდნენ მიგრანტები და მოსახლეობის ის ნაწილი, რომლებიც ხშირად გადაადგილდებიან. მილიონობით მათგანი შემოსავლისა და თავშესაფრის გარეშე დარჩა. COVID-19-ით გამოწვეული გადაადგილების შეზღუდვის გამო კი მათ ვერ შეძლეს სახლებში დაბრუნება.

მაგალითად, ათასობით ქართველი მიგრანტი აღმოჩნდა მსგავს სიტუაციაში და მთავრობის დროული და ეფექტური მოქმედების წყალობით, მათ შეძლეს სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნება. მიგრანტები უფრო დაუცველნი არიან COVID-19-ით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური პრობლემების წინაშე. კრიზისი დღითიდღე ართმევს მათ სამუშაო ადგილებს, შემოსავლის წყაროს, საცხოვრებელ ადგილსა და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას.

ეს ხშირ შემთხვევაში არღვევს მათ კავშირს საზოგადოებასთან და სოციალურ ქსელებთან, რის გამოც ისინი საიმედო ინფორმაციის გარეშე რჩებიან. მიგრანტები, როგორც წესი, დაინფიცირების მაღალი რისკის ჯგუფში არიან. ამასთან, მათ მეტად აქვთ შეზღუდული სამედიცინო მომსახურება. მიგრანტების მიტოვება ამ გასაჭირში კიდევ უფრო ზრდის რისკებს ყველა ჩვენგანისთვის - მთელი საზოგადოებისთვის და პირიქით, ჩვენ ყველანი მივიღებთ სარგებელს დაუცველი ადამიანების, მაგალითად, მიგრანტების მხარდაჭერით. ჩვენ მიგრანტთა საერთაშორისო დღეს ვუძღვნით დაუცველ მიგრანტებს, რომელთა ცხოვრებასაც COVID-19-ით გამოწვული პანდემია შეეხო.

IOM საქართველო ამ დღეს აღნიშნავს ღია ცის ქვეშ მოწყობილი ფოტოგამოფენით - „COVID-19 მიგრაციის სახეები“, რომელიც ასახავს მიგრანტებისა და მათი ოჯახების ისტორიებსა და იმედებს პანდემიის პერიოდში. ეს ამბები შეგვახსენებს, რომ პანდემიას არ აქვს საზღვრები - ის გავლენას ახდენს ადამიანებზე მათი ეროვნების, ეთნიკური ნიშნის, რელიგიისა და სტატუსის მიუხედავად. COVID-19 არ განასხვავებს მათ და ეს არც ჩვენ უნდა ვქნათ.

 

სანია ჩელებიც ლუკოვაცი, IOM საქართველოს მისიის ხელმძღვანელი