პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

2019 წლის 1 ნოემბრიდან დაკარგული პასპორტის შეცვლის პროცედურები იცვლება!


01.11.2019

დღეიდან დაკარგული პასპორტის შეცვლის პროცედურები იცვლება. ცვლილებების თანახმად, საქართველოს მოქალაქემ, პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამართალდაცავ უწყებას ან სხვა უფლებამოსილ ორგანოს და მიიღოს მათგან პასპორტის დაკარგვის ან მოპარვის შესახებ საჩივრის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა.

ახალი პასპორტის ასაღებად პასპორტის დაკარგვის ან მოპარვის შესახებ საჩივრის ჩაბარების ცნობა, კანონით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტებთან ერთად, საქართველოში მყოფმა მოქალაქემ უნდა წარადგინოს სერვისების განვითარების სააგენტოში, საზოგადოებრივ ცენტრებში ან იუსტიციის სახლებში, საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქემ კი – საქართველოს საელჩოში ან საკონსულოში. საზღვარგარეთ აღებულ ამ ტიპის ცნობას ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება არ დასჭირდება.

მოქალაქის მიერ შესაბამისი საბუთების ჩაბარების შემდეგ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გააუქმებს დაკარგულ ან მოპარულ პასპორტს, მისი გაუქმების შესახებ პერსონალური მონაცემების სტანდარტის დაცვით ინფორმაციას მიაწვდის ინტერპოლს და მოქალაქეზე გასცემს ახალ პასპორტს.

აღსანიშნავია, რომ ახალი რეგულაციების მიზანი დაკარგული და გაუქმებული დოკუმენტების ბოროტად გამოყენების პრევენციაა. საკანონმდებლო სიახლე, ერთი მხრივ, იცავს საქართველოს მოქალაქეებს დოკუმენტის დაკარგვის შემთხვევაში მათი პირადი მონაცემების არაკეთილსინდისიერი გამოყენებისაგან, მეორე მხრივ კი მიმართულია საქართველოს უმნიშვნელოვანესი მონაპოვრის – ევროპასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შენარჩუნებისაკენ, რასაც უკანონოდ, სხვისი დოკუმენტით საზღვრის კვეთამ ან კიდევ ევროპულ სივრცეში რამდენიმე პასპორტით მოძრაობამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას.