პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

27 მარტი - ონლაინ სამედიცინო კონსულტაცია გაერთიანებულ სამეფოში მყოფი თანამემამულეებისთვის


27.03.2020

27 მარტს, ლონდონის დროით 16:00 საათზე, გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს Facebook გვერდზე თბილისიდან გაიმართება ექიმ-ინფექციონისტის ონლაინ კონსულტაცია გაერთიანებულ სამეფოში მყოფი თანამემამულეებისთვის თემაზე „კორონავირუსი - მისი პრევენცია და მკურნალობა“. მოქალაქეებს შეკითხვები შეუძლიათ გააგზავნონ შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected].

ონლაინ სამედიცინო  კონსულტაციის ფარგლებში, ექიმ-ინფექციონისტი თბილისიდან ონლაინ რეჟიმში უპასუხებს გაერთიანებულ სამეფოში მყოფი თანამემამულეების შეკითხვებს კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებულ საკითხებზე. 

მსოფლიოში არსებული კორონავირუსის (COVID-19) პანდემიიდან გამომდინარე, ონლაინ სამედიცინო კონსულტაციები თბილისიდან ხორციელდება იმ ქვეყნებში, სადაც დიდია საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა.

ონლაინ სამედიცინო კონსულტაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიმდინარეობს და მას ორგანიზებას უწევს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.

აღნიშნულის ფარგლებში, ონლაინ სამედიცინო კონსულტაციები ექიმ ინფექციონისტების - ალექსანდრე გოგინავას, პაატა ვეფხვაძის, გიორგი კორკოტაშვილის,  რევაზ მეჭურჭლიშვილის, ეკა ნაფეტვარიძის, ვახტანგ სართანიასა და ნინო ტავლალაშვილის მიერ უკვე გაიმართა თბილისიდან იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთსა და საბერძნეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის; აგრეთვე, ნიუ იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, ონლაინ სამედიცინო კონსულტაცია განხორციელდა ნიუ იორკიდან აშშ-ში მყოფი თანამემამულეებისთვის ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმის - ნინო მიქაბერიძის მიერ.