პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

30 ივლისს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სამეწარმეო-საინვესტიციო ფორუმი გაიმართება


26.07.2021

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განაგრძობს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან აქტიურ კომუნიკაციას სამშობლოში არსებული საინვესტიციო გარემოსა და შესაძლებლობების შესახებ და ავრცელებს ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სამეწარმეო-საინვესტიციო ფორუმის თაობაზე.

მიმდინარე წლის 30 ივლისს, თბილისის დროით 11:00-14:30 საათზე, ქ. ზუგდიდში ჩატარდება რეგიონული სამეწარმეო-საინვესტიციო ფორუმი, რომელზეც ონლაინ დასწრების შესაძლებლობა აქვთ უცხოეთში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს. ფორუმის ამოცანაა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სამეწარმეო შესაძლებლობებისა და საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენა, Covid-19 პანდემიის შედეგად ადგილობრივი ბიზნესის წინაშე არსებული გამოწვევების განხილვა. ფორუმის საბოლოო მიზანია რეგიონში მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა.

ფორუმის ორგანიზატორია გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP), სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით. ფორუმი ჩატარდება პროექტის - ,,რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა  საქართველოში - ფაზა 2 (FRLD 2)“  ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სამეწარმეო-საინვესტიციო ფორუმი წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას, სადაც სახელმწიფო ინსტიტუციების, კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნეს ასოციაციების  წარმომადგენლები ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას, განიხილავენ თანამშრომლობის პერსპექტივებს და მუნიციპალიტეტების საინვესტიციო პროექტებს.

ფორუმის დღის წესრიგი შედგება ორი თემატური ნაწილისაგან:

I - სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების საინვესტიციო პოტენციალი: რატომ უნდა განვახორციელოთ ინვესტიცია ამ რეგიონში?

II – COVID-19 პანდემიის პირობებში კერძო სექტორის წინაშე არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები;

UNDP-ის პროექტის მხარდაჭერით,  ფორუმზე წარმოდგენილი იქნება ზუგდიდის, მესტიისა და სენაკის მუნიციპალიტეტების საინვესტიციო პროფილები.

ღონისძიებას დაესწრებიან ცენტრალური  და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ქართველი და უცხოელი დიპლომატები, დარგის ექსპერტები, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები.

ფორუმზე დასწრების მსურველმა დიასპორის წარმომადგენლებმა გთხოვთ, მონაწილეობა დაადასტუროთ შემდეგ მისამართებზე: გვანცა ირემაშვილი [email protected] და ლია სანიკიძე [email protected]

რეგისტრაციის შემდგომ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სამეწარმეო-საინვესტიციო ფორუმზე დასასწრებად შეგიძლიათ გამოიყენოთ ბმული: https://theuniversalconsulting-ge.zoom.us/j/85043570992  /  Meeting ID: 850 4357 0992  /  Pass code: 9193

მუნიციპალური საინვესტიციო პროფილები ხელმისაწვდომია გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ვებგვერდზე [იხილეთ მუნიციპალური საინვესტიციო დოკუმენტები]