პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

"ახალგაზრდა ელჩების" კონკურსში განაცხადების წარდგენის ვადა 25 ნოემბრამდე გახანგრძლივდა


20.11.2019

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაითვალისწინა ქართული დიასპორის წარმომადგენლების თხოვნა და „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების“ საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის ვადა გაახანგრძლივა. კონკურსში განაცხადების წარმოდგენის საბოლოო თარიღად განისაზღვრა მიმდინარე წლის 25 ნოემბერი. საგრანტო განაცხადების წარმოდგენა თავდაპირველად შესაძლებელი იყო 2019 წლის 31 ოქტომბრიდან  - 20  ნოემბრის ჩათვლით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების“ პროგრამა საშუალებას აძლევს მსოფლიოს 35 ქვეყანაში მცხოვრებ ახალგაზრდებს ერთწლიანი მანდატით გახდნენ „ახალგაზრდა ელჩები“ და ხელი შეუწყონ საქართველოს პოპულარიზაციას ადგილსამყოფელ ქვეყნებში.

„საქართველოს ახალგაზრდა ელჩების“ მთავარი ამოცანაა კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებების განხორციელების საშუალებით, ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირება საქართველოს  ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და ისტორიის შესახებ და საქართველოს უცხოელ ახალგაზრდა მეგობართა ქსელის გაფართოება.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 18-დან 29-წლამდე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან მსოფლიოს შემდეგ 35 ქვეყანაში:

ავსტრიის რესპუბლიკა; აზერბაიჯანის რესპუბლიკა; ამერიკის შეერთებულ შტატები; ბელარუსის რესპუბლიკა; ბელგიის სამეფო; ბულგარეთის რესპუბლიკა; გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა; დანიის სამეფო; დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო; ესპანეთის სამეფო; ესტონეთის რესპუბლიკა; თურქეთის რესპუბლიკა; იაპონია; ირლანდია; ისრაელის სახელმწიფო; იტალიის რესპუბლიკა; კანადა; კვიპროსის რესპუბლიკა; კორეის რესპუბლიკა; ლატვიის რესპუბლიკა; ლიეტუვა; მალტა; მოლდოვას რესპუბლიკა; ნიდერლანდების სამეფო; ნორვეგიის სამეფო; პოლონეთის რესპუბლიკა; საბერძნეთის რესპუბლიკა; საფრანგეთის რესპუბლიკა; უკრაინა; უნგრეთის რესპუბლიკა; ფინეთის რესპუბლიკა; შვეიცარიის კონფედერაცია; შვედეთის სამეფო; ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა; ჩეხეთის რესპუბლიკა.

კონკურსის შედეგად შერჩეული „ახალგაზრდა ელჩების“ მონაწილეობით, საქართველოში გაიმართება ახალგაზრდა ელჩების ამბასადორიალი, რომლის ფარგლებშიც „ახალგაზრდა ელჩები“ წარმოადგენენ საკუთარ ინიციატივებსა და ერთი წლის სამოქმედო გეგმას. კონკურსის გამარჯვებულები ასევე შეხვდებიან დიპლომატიური კორპუსის, კულტურის, პოლიტიკის, ეკონომიკისა და სხვა სფეროების წარმომადგენლებს.

პროგრამაში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და განაცხადის შესავსებად იხილეთ:

  1. საქართველოს ახალგაზრდა ელჩების პროგრამა
  2. საკონკურსო განაცხადის ფორმა

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: ტელ.: (+995 32) 2945000 (შიდა - 3111).

უცხოეთში მყოფი ქართველი ახალგაზრდების პოტენციალის რეალიზების, სამშობლოში მიმდინარე პროცესებსა და საქართველოს პოპულარიზაციაში მათი აქტიური ჩართულობის მიზნით, „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების“ პროგრამა 2014 წლიდან მიმდინარეობს. წელს პროგრამის არეალი მნიშვნელოვნად გაფართოვდა და გასულ წელთან შედარებით (15 ქვეყანა), ამჟამად „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების“ პროგრამა მოიცავს მსოფლიოს 35 ქვეყანას.