პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ასოციაცია „ლაზი“ მონმარტრის რთველის დღესასწაულზე წარსდგა


12.10.2019

მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს, საფრანგეთში არსებულმა დიასპორულმა ორგანიზაციამ „ქართველთა კულტურის კერა - ლაზი“ მონაწილეობა მიიღო მონმარტრის რთველის ტრადიციულ სახალხო ზეიმში.

ქართული კულტურის წარმოჩენის მიზნით, ორგანიზაცია ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას მონმარტრის რთველის დღესასწაულში და წელს იგი რიგით მეათედ წარსდგა აღნიშნულ მასშტაბურ ფესტივალზე, რომელსაც საშუალოდ 500 000-ზე მეტი დამთვალიერებელი სტუმრობს. მონმარტრის რთველის დღესასწაული სათავეს ჯერ კიდევ 1934 წლიდან იღებს და იგი უკვე 86-ედ ჩატარდა პარიზში. ღონისძიების 2019 წლის თემატური სახელწოდება „ფერების დღესასწაული“ გახლდათ, რომლის მიხედვით სხვადასხვა ფერით იქნა მოხატული მონმარტრის გრძელი კიბეები.  

ფესტივალზე, რომელიც 5 დღე გაგრძელდა - 9-13 ოქტომბრის ჩათვლით, წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი ინტერკულტურული პროგრამა. ზეიმის ფარგლებში, „ქართველთა კულტურის კერამ - ლაზი“ წარმოადგინა ქართული ეროვნული ცეკვები, ტრადიციულ ქართულ სამოსში გამოწყობილმა ასოციაციის წევრებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს მონმარტრის ქუჩებში გამართულ  მასშტაბურ დეფილეში.

აღსანიშნავია, რომ ასოციაცია „ლაზი“ (ხელმძღვანელი: ეკა ბოდოკია) ქართველთა გაერთიანების, ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების მიზნით, უკვე 10 წელია აქტიურად ეწევა კულტურულ-საგანმანათლებლო და საქველმოქმედო საქმიანობას პარიზში. ორგანიზაციასთან ასევე ფუნქციონირებს „ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საკვირაო სკოლა“, ქორეოგრაფიული და ვოკალური ანსამბლები.