პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ათენი-თბილისის ავიარეისით სამშობლოში 180 თანამემამულე დაბრუნდა


21.05.2020

ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების ფონზე, საქართველოს სახელმწიფო განაგრძობს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნების პროცესს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, 20 მაისს შესრულდა ჩარტერული რეისი საბერძნეთიდან, რომლითაც სამშობლოში დაბრუნდა 180-მდე თანამემამულე.

აღნიშნული რეისის მგზავრთა შორის იყვნენ არასრულწლოვნები, მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე და ხანდაზმული პირები. სამშობლოში დაბრუნებული თანამოქალაქეები გაივლიან 14-დღიან სავალდებულო საკარანტინო პერიოდს.

21 მაისის მონაცემებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სამშობლოში - სახელმწიფოს ხელშეწყობით  - ორგანიზებულად დაბრუნდა საქართველოს 12 409 მოქალაქე საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ხოლო საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ ადგილზე ქმედითი დახმარება გაეწია 21 012 მოქალაქეს.

შეგახსენებთ, თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ეფექტიანი ორგანიზებისა და მათი ადგილზე დახმარების მიზნით, მოქალაქემ უნდა შეავსოს, ელექტრონული ფორმით, სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებ-გვერდებზე. აღნიშნულ განაცხადში მოცემული მონაცემების დამუშავების შემდგომ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით, საქართველოს საკოორდინაციო გადაწყვეტილებით, კომპანია „Georgian Airways“ 22 მაისს განახორციელებს ავიარეისს რომი-თბილისის მიმართულებით. აღნიშნულ რეისზე ბილეთის ფასი შეადგენს 199 ევროს. რეისი შესრულდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესის სრული დაცვით და ყველა მგზავრი, რომელიც ჩამოვა საქართველოში, გაივლის 14-დღიან სავალდებულო კარანტინს.

[საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხოეთში მყოფი თანამემამულეებისადმი გაწეული დახმარებისა და მათი სამშობლოში დაბრუნების თაობაზე ყოველდღიურად განახლებად სტატისტიკურ ინფორმაციას საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს: http://gov.ge/s/adcb7]