პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ათენის 150-ე საჯარო სკოლაში ქართული ენის პროგრამა ამოქმედდა


09.10.2019

მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს, საბერძნეთის რესპუბლიკაში, ათენის 150-ე სკოლაში ქართველ აღსაზრდელებს ქართული ენის პირველი გაკვეთილი ჩაუტარდათ.

ბერძნულ საჯარო სკოლაში ქართული ენის პირველ გაკვეთილს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შერჩეული ქართველი პედაგოგები - მადონა ჯავახიშვილი, ხათუნა ლობჯანიძე და ნინო ფრუიძე უძღვებოდნენ.

სასწავლო წლის პირველ ღია გაკვეთილს დაესწრნენ საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები - უფროსი მრჩეველი დეა მუმლაძე, ელჩის თანაშემწე ანი უძილაური და საქართველოს ახალგაზრდა ელჩი საბერძნეთში ლიკა ჯანელიძე საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტ „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ ფარგლებში, ასევე 150-ე საჯარო სკოლის დირექტორი მარია იოია.

საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიულოცეს ახალი სასწავლო წლის დაწყება და წარმატება უსურვეს ქართველ აღსაზრდელებს მშობლიური ენის წარმატებით დაუფლებაში.

აღსანიშნავია, რომ საბერძნეთის საჯარო სკოლებში ქართული ენის შემსწავლელი პროგრამის ამოქმედების ნებართვა საქართველოს საელჩომ საბერძნეთის განათლების სამინისტროსაგან 2016 წელს მიიღო. აღნიშნულის ფარგლებში, ქართული ენის სწავლების პირველი საპილოტე პროგრამა ათენის 50-ე საჯარო სკოლაში დაინერგა.