პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ავსტრალიაში საქართველოს ელჩი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა


26.11.2019

23 ნოემბერს, ქ. სიდნეიში, ავსტრალიაში საქართველოს ელჩმა გიორგი დოლიძემ და საელჩოს თანამშრომლებმა შეხვედრა გამართეს ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე, რომელსაც ავსტრალიაში მცხოვრები 70-მდე თანამემამულე ესწრებოდა, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამომავლოდ  ავსტრალიაში პირველი ქართული დიასპორული ორგანიზაციის დაარსების მნიშვნელობაზე.

შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ელჩი თანამემამულეებს ესაუბრა იმ სამთავრობო დიასპორულ პროგრამებსა და ინიციატივებზე, რაც ხელ უწყობს უცხოეთში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შორის კავშირების განმტკიცებას და მათ აქტიურ ჩართულობას ქვეყნის განვითარების პროცესში. მათ შორის, აღინიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამები - „ერთიანი, ძლიერი და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორა“ და „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ (საგრანტო პროგრამა), ასევე ხაზი გაესვა საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებას ორმაგი მოქალაქეობის კონსტიტუციური აკრძალვის გაუქმებასთან დაკავშირებით.

იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რომ ავსტრალიაში ჯერჯერობით არ არსებობს ქართული დიასპორული ორგანიზაცია, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დიასპორული ორგანიზაციის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე, რაც სამომავლოდ, თანამემამულეებს გაუმარტივებს დიასპორულ პროგრამებზე წვდომას.

თავის მხრივ, ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ისაუბრეს ავსტრალიაში ცხოვრების დროს მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე და გამოთქვეს მზაობა სამომავლოდ დიასპორული ორგანიზაციის ჩამოყალიბების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ თანამემამულეების მიერ შეიქმნება დიასპორული ორგანიზაციის საინიციატივო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს ყველა საჭირო ინფორმაციის მოძიებას.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე თანამემამულეებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია საკონსულო მომსახურების გაწევის თაობაზე. ამ კუთხით, ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მოქალაქეების მიერ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მნიშვნელობა, რაც უპირველეს ყოვლისა, ემსახურება საკონსულო სამსახურის მიერ საქართველოს მოქალაქეების უფლებების უკეთ და ეფექტურად დაცვას.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს საელჩოსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა, საზეიმო ვითარებაში, ერთობლივად აღნიშნეს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული.

მომავალ წელს, საქართველოს საელჩო  მსგავსი ტიპის შეხვედრას გეგმავს ასევე ქ. მელბურნში მცხოვრებ თანამემამულეებთან. ავსტრალიაში მყოფი ქართველების დიდი ნაწილი, სიდნეის შემდეგ, სწორედ მელბურნშია წარმოდგენილი.