პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ავსტრიაში ქართულმა სათვისტომომ ტრადიციული საშემოდგომო ღონისძიება გამართა


30.10.2019

ქ. ვენაში, ავსტრიაში ქართული სათვისტომოს ორგანიზებით, ადგილობრივი ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის მოეწყო ტრადიციული საშემოდგომო ღონისძიება.

ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოების წინაშე ქართული ხალხური სიმღერებით წარსდგნენ ვენის ქართული საკვირაო სკოლის აღსაზრდელები. ზეიმზე საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა ასევე წარმოადგინეს მათ მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები. საღამოს საპატიო სტუმარმა, ქართული მუსიკალური შოუს "ახალი ხმის" მონაწილე თორნიკე აბრამიშვილმა კი, საქართველოს მეგობარ ავსტრიელ Anna Hödlmoser-თან ერთად, შეასრულა ქართული ხალხური სიმღერები.

ღონისძიების დასასრულს, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ საკვირაო სკოლის მოსწავლეებთან ერთად ადგილზე გასცნობოდნენ ქართული ტრადიცული ნუგბარის - ჩურჩხელის ამოვლების წესს და დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და ეროვნული კერძები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართული დიასპორისა და ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ ავსტრიაში ქართული სათვისტომო 2015 წელს დაფუძნდა ქ. ვენაში და იგი აქტიურად უწევს ორგანიზებას მსგავს ქართულ კულტურულ საღამოებს, კონცერტებს, საბავშვო ზეიმებსა თუ საქველმოქმედო აქციებს ავსტრიის რესპუბლიკაში. ორგანიზაციასთან, თინათინ ზამბახიძის ხელმძღვანელობით, ფუნქციონირებს დავით აღმაშენებლის სახელობის ქართული საკვირაო სკოლა, რომლის მიზანი ადგილობრივ დიასპორელ ბავშვებში ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაა. ვენის ქართულ საკვირაო სკოლაში ამჟამად 50-მდე ქართველი ბავშვი ეუფლება ქართულ ენასა და ლიტერატურას, სკოლაში ასევე ისწავლება გეოგრაფიისა და მუსიკის საგნები.