პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ავსტრიაში, სლოვენიასა და უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სასურსათო ქსელ „სპარის“ ვაუჩერები გადაეცათ


16.04.2020

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები განაგრძობენ საქართველოს იმ მოქალაქეების დახმარებას, რომელნიც ახალი კორონავირუსის, COVID-19-ის გავრცელების შედეგად, რთულ მდგომარეობაში და მრავალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ. მიმდინარე წლის 15 აპრილს, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ საერთაშორისო სასურსათო ქსელ “სპარის” ვაუჩერები გადასცა ავსტრიაში მყოფ საქართველოს 11 მოქალაქეს. ვაუჩერები ასევე გადაეცათ უკრაინისა და სლოვენიის რესპუბლიკებში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებსაც საქართველოს საელჩოების მეშვეობით.

აღნიშნული აქცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და “SPAR საქართველოს” თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც ითვალისწინებს ევროპის 20-მდე ქვეყანაში განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის SPAR-ის ქსელის სასურსათო ვაუჩერებით სარგებლობას.  

"SPAR საქართველოს" საერთაშორისო პარტნიორების საშუალებით, 2000-მდე სასურსათო ვაუჩერი გადაეცემა განსაკუთრებული საჭიროების მქონე საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთში, ბელგიაში, ნიდერლანდებში, ბელარუსში, პორტუგალიაში, უნგრეთში, ნორვეგიაში, მალტაში, გერმანიაში, დანიაში, პოლონეთში, ავსტრიაში, უკრაინაში, სლოვენიაში, შვეიცარიაში, გაერთიანებულ სამეფოში და ა.შ. ისინი აღნიშნული სასურსათო ვაუჩერებით ჩამოთვლილ ქვეყნებში მდებარე “SPAR INTERNATIONAL”-ის მაღაზიათა ქსელში ისარგებლებენ.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში არსებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, “SPAR INTERNATIONAL"-ის დახმარებით, მოკლე დროში მოხერხდა საქართველოს მოქალაქეებისთვის განკუთვნილი აღნიშნული ერთჯერადი აქციის ორგანიზება.  “SPAR INTERNATIONAL“-ის ბრენდი საქართველოს გარდა მსოფლიოს 49 ქვეყანაში, 13 ათასზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით არსებული საკოორდინაციო საბჭოს მითითებით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები მსოფლიო მასშტაბით COVID-19-ის გავრცელების ფონზე, ადგილზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად მუშაობის საგანგებო, 24 საათიან რეჟიმზე არიან გადასულები. ამ დრომდე საცხოვრებლით, საკვებით და პირველადი საჭიროების ნივთებით ათასობით მოქალაქეს გაეწია დახმარება.

https://mfa.gov.ge/News/%E2%80%8Bavstriashi,-sloveniasa-da-ukrainashi-myof-saqartv.aspx?CatID=5