პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

აზერბაიჯანში ქართული დიასპორით დასახლებულ რეგიონებში საქართველოს საელჩომ ჰუმანიტარული აქცია განახორციელა


07.04.2020

მიმდინარე წლის 5 აპრილს, საქართველოს ხელისუფლების ინიციატივით, აზერბაიჯანში საქართველოს საელჩომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კოორდინაციით განახორციელა ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული სახის აქცია საქართველოს მოქალაქეებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში  - კახის, ზაქათალისა და ბელაქანის მუნიციპალიტეტებში.

კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აღნიშნული აქცია მოეწყო აზერბაიჯანში ქართული დიასპორის წარმომადგენლების თხოვნით. ჰუმანიტარული აქციის ფარგლებში, მოსახლეობას გადაეცა პირველადი მოხმარების სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებები, მათ შორის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული საქართველოში დამზადებული პირბადეები და სხვადასხვა სახის სამედიცინო ინვენტარი.

ამასთან, ქ. კახში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ, ქართული დელეგაციის წარმომადგენლებთან ერთად, მოინახულა ქ. კახის პოლიკლინიკები და სოფელ ალიბეგლოს საავადმყოფო, ასევე, სოფლები - ალათემური, ალიბეგლო და ქოთოქლუ.

აღსანიშავია, რომ ქართული დელეგაცია, აგრეთვე, ეწვია მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და შშმ პირებს, რომელთაც გადაეცათ პირველადი საჭიროების ნივთები და საკვები პროდუქტები.