პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი ბაქოს ქართულ დიასპორას შეხვდა


16.02.2020

16 თებერვალს, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში მოეწყო შეხვედრა ქ. ბაქოს ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა წარმოადგენს როგორც საქართველოს მთავრობისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიღწევების, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების თაობაზე. მან აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკის განვითარება, რათა სახელმწიფოს ეკონომიკური ზრდა უშუალოდ აისახოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე.

შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა ასევე ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორის როლზე საქართველოს განვითარებისა და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საკითხში და თანამემამულეებს გააცნო ის მნიშვნელოვანი სამთავრობო პროექტები, რომელიც მიმართულია ქართული დიასპორის ერთიანობისკენ. მათ შორის, აღინიშნა სპეციალურად საკვირაო სკოლებისთვის შექმნილი ქართული ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები, ყოველწლიური დიასპორული ფორუმი, "იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის" პროგრამა და ა.შ.

ამასთან, შეხვედრის ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებისთვის მოეწყო ახალი დიასპორული ვებ-პორტალის - www.gda.ge - პრეზენტაცია. დიასპორული პორტალი, რომელიც აგებულია ერთი ფანჯრის პრინციპზე და რომლის სლოგანია „ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს“, მიზნად ისახავს ერთიანი, ძლიერი და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორის განვითარების ხელშეწყობას.  

პრეზენტაციის შემდეგ, საქართველოს ელჩმა და საელჩოს წარმომადგენლებმა უპასუხეს თანამემამულეთა შეკითხვებს, რომელთა უმეტესობა შეეხებოდა საკონსულო-სამართლებრივ საკითხებს.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ელჩმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანში საქართველოს საელჩო, დიასპორასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ინტენსიურად უზრუნველყოფს მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებას სამომავლოდ.