პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბელარუსი - ალექსანდრიაში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა


03.12.2019

მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, ბელარუსის რესპუბლიკაში, ქ. ალექსანდრიაში ოფიციალურად გაიხსნა საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი. საქართველოს საპატიო კონსული ბელარუსის რესპუბლიკის ქ. ალექსანდრიაში გახლავთ სერგეი ტეტერინი.

საქართველოს საპატიო კონსულის ოფისის გახსნის საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი ბელარუსის რესპუბლიკაში, ბელარუსის სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის გიორგი ტაბატაძის ხელმძღვანელობით.

ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა ვალერი კვარაცხელიამ, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა საქართველოსა და ბელარუს შორის არსებულ ისტორიულ კეთილმეგობრულ ურთიერთობას და ორმხრივი თანამშრომლობის მზარდ დინამიკას. საქართველოს ელჩის განცხადებით, ქვეყნებს შორის ურთიერთობა სამაგალითოა, რამეთუ ყოველდღიურად ღრმავდება თანამშრომლობა, როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ისე ორმხრივ ურთიერთობებში. ვალერი კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ საპატიო კონსულის ოფისის გახსნა ქ. ალექსანდრიაში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც გაამყარებს ორ ერს შორის არსებულ კავშირებს.

საქართველოს საპატიო კონსული სერგეი ტეტერინი გახლავთ ბელარუსის ჩოგბურთის ფედერაციის თავმჯდომარე და ბელარუსული ჰოლდინგის „ბელგლობალსტარტის“ დამფუძნებელი. იგი წარმატებით ეწევა ასევე ბიზნეს საქმიანობას.

საქართვეელოს საპატიო კონსულის სერეგი ტეტერინის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://www.hc-georgia.by/