პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„ბრიტანეთის კოლუმბიის ქართულმა სათვისტომომ“ ვანკუვერში ქართული საღამო გამართა 


27.02.2020

15 თებერვალს, ქ. ვანკუვერში, „ბრიტანეთის კოლუმბიის ქართულსათვისტომოს“ ორგანიზებით, გაიმართა ქართული კულტურის საღამო, რომელიც  2010 წლის ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადის დროს ტრაგიკულად დაღუპული ქართველი სპორტსმენის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას მიეძღვნა. საქველმოქმედო სახის ღონისძიება მიზნად ისახავდა თანხის შეგროვებას ნოდარ ქუმარიტაშვილის მემორიალისთვის, რომლის განთავსებას სათვისტომო სამომავლოდ გეგმავს ვანკუვერის ცენტრალურ პარკში.  

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს „ბრიტანეთის კოლუმბიის ქართული სათვისტომოს“ თავმჯდომარემ ბესო გოცაძემ, კანადაში საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა თანამემამულემ - დარეჯან თურქიამ, თავის მცირეწლოვან ვაჟთან ერთად და  ვისტლერისა და პორტ მუდის მერებმა - ჯეკ კრომპტონმა და რობერტ ვაგრამოვმა (რომელსაც ქართული ფესვები აქვს და იგი გახლავთ ყველაზე ახალგაზრდა მერი კანადაში). სათვისტომოს თავმჯდომარემ, ბესო გოცაძემ სტუმრებს წარუდგინა დიასპორის მიერ დამზადებული ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სპეციალური მედალი, რომელიც გადაეცემა ნოდარის ოჯახს.

საღამოზე, რომელსაც ირაკლი ბოძაშვილი უძღვებოდა, მოეწყო საქართველოს ისტორიის, ქართული მეღვინეობის ტრადიციებისა და ნოდარ ქუმარიტაშვილის სპორტული ცხოვრების ამსახველი პრეზენტაცია; ასევე, გაიმართა ქართული ხალხური და კლასიკური მუსიკის კონცერტი. კონცერტზე ვანკუვერის საოპერო ორკესტრის მუსიკოსმა ანდრეა სირაძემ შეასრულა გია ყანჩელის ნაწარმოებები, ტორონტოდან სპეციალურად მიწვეულმა მუსიკოსმა შალვა (ბაჩი) მახარაშვილმა კი, შვილებთან ერთად, სტუმრებს ქართული მრავალხმიანი სიმღერები წარუდგინა. კონცერტში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღეს მუსიკოსმა იზუმი ფეირბენკსმა სიეტლიდან, რომელმაც ქართულ ტრადიციულ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაუკრა და ქართული დიასპორის პატარა წევრმა - ალექსანდრე დარასელიამ.

ამასთან, ქართული საღამოს ფარგლებში მოეწყო საქველმოქმედო აუქციონი დიანა იმნაძის ხელმძღვანელობით, სადაც  წარმოდგენილი იყო ქართველი მხატვრების ნამუშევრები და ვანკუვერში მოღვაწე ქართველი დიზაინერების - კახა ბერისა და მარიტა მამუჩაშვილის ქართული ტრადიციული სამოსის კოლექცია; აგრეთვე, გაიმართა ვანკუვერელი ქართველების მიერ ქვევრში დაყენებული ევროპული ღვინის დეგუსტაცია.

აღსანიშნავია, რომ „ბრიტანეთის კოლუმბიის ქართულ სათვისტომოს“ ღონისძიებისთვის შენობა გამოუყო ვანკუვერის მკვიდრმა - როი პასკალმა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია კანადის ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში პოპულარიზაციას უწევს ქართულ ღვინოს.

მასშტაბური სახის ღონისძიებას ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად, ასევე, ესწრებოდნენ ადგილობრივი მაცხოვრებლები. საქართველოს ელჩმა სტუმრებს საჩუქრად გადასცა კანადაში საქართველოს საელჩოს მიერ გამოცემული ბროშურა ნიკო აფხაზის შესახებ, რომელიც გახლავთ ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციის დედაქალაქ ვიქტორიაში არსებული ცნობილი ბოტანიკური ბაღის - „აფხაზის ბაღის“ დამაარსებელი.