პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია „Ryanair-მა“ საქართველოში ოპერირება დაიწყო


20.11.2019

მსოფლიოში ცნობილმა ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ - „Ryanair“ საქართველოში ოპერირება დაიწყო. თბილისის შემდეგ, პირველი პირდაპირი ფრენა „Ryanair“-მა ქუთაისის მიმართულებით ამა წლის 7 ნოემბერს მარსელიდან განახორციელა.

„Ryanair-ი“ ავიარეისებს ევროპის სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებიდან ახორციელებს. ავიაკომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით კვირაში 2-2 სიხშირით იფრენს, თბილისის აეროპორტიდან კი, რეისებს მილანის მიმართულებით კვირაში 4-ჯერ შეასრულებს. 2020 წლის აპრილიდან პირდაპირ ავიარეისებს ასევე კიოლნი-თბილისის მიმართულებაც დაემატება.

ავიაკომპანია „Ryanair-თან“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ მოლაპარაკებებს თითქმის 10 წლის განმავლობაში აწარმოებდნენ. თუმცა, მოლაპარაკებების საბოლოო ფაზა რამდენიმე თვის წინ დაიწყო და წარმატებით დასრულდა.

ავიაკომპანია „Ryanair“ 1984 წელს დაფუძნდა და ამ დროისთვის, იგი 38 ქვეყნის 224 მიმართულებით ოპერირებს. ავიაკომპანია ყოველდღიურად 2 400-ზე მეტ რეისს ასრულებს. 2018 წლის მონაცემებით, „Ryanair“-მა ჯამურად 139 მილიონი მგზავრი გადაიყვანა და ევროპის ბაზარზე, Lufthansa-ს შემდეგ, იგი სიდიდით მეორე ავიაკომპანია გახდა.