პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დაიწყო "ტელესკოლის" გაკვეთილები უცხოეთში მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მოსწავლეებისთვის


02.03.2021

პროექტის "ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს თანამემამულეებზე" ფარგლებში დაიწყო "ტელესკოლის" ონლაინ გაკვეთილები საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების აღსაზრდელთათვის. უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები პატარა თანამემამულეებისთვის ქართული ლიტერატურისა და სახვითი ხელოვნების ონლაინ გაკვეთილები გია მურღულიამ და ანი გოგორიშვილმა ჩაატარეს. პირველი გაკვეთილების ფარგლებში დამსწრე ახალგაზრდები გაეცნენ შოთა რუსთაველის, აკაკი წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას და ქართულ მხატვრობას.
 
აღნიშნული პროექტის ორგანიზატორები გახლავთ საქართველოს პირველი არხი - "ტელესკოლა", საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ირლანდიაში საქართველოს საელჩო და დუბლინის ქართული საკვირაო სკოლა "ლამპარი".
 
"დიასპორასთან ურთიერთობების გაღრმავება ჩვენი სახელმწიფოს და სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა და ამ მხრივ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ახალგაზრდა თაობას და ბავშვებს, რომლებიც სწავლობენ საზღვარგარეთ მოქმედ საკვირაო სკოლებში. იმის გათვალისწინებით, რომ საზღვარგარეთ ფუნქციონირებს 100-ზე მეტი საკვირაო სკოლა, იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ ნოვაციას ექნება განგრძობითი ხასიათი. გვსურს მადლობა გადავუხადოთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ შესაძლებელი გახადა ამ პროექტის განხორციელება", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
 
თავის მხრივ, ფილოლოგიის დოქტორმა, "ტელესკოლის" პედაგოგმა გია მურღულიამ კი მსგავსი სახის გაკვეთილების ჩატარების მნიშნელობას გაუსვა ხაზი სამშობლოსგან შორს მცხოვრები ქართველი ახალგაზრდებისთვის. "ადამიანი, რომელიც თავისი სამშობლოსგან შორს ცხოვრობს, ალბათ, უნდა ინარჩუნებდეს ემოციურ, გონებრივ კავშირებს თავის ქვეყანასთან, თუ უნდა რომ იგი წარმოადგენდეს მის კულტურას, მის ეთნოსს, მის ფიქრს, ყველაფერს, რასაც აერთიანებს ჩვენთვის სიტყვა  ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო", - აღნიშნა გია მურღულიამ.
 
პროექტის "ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს თანამემამულეებზე" ფარგლებში შემდეგი ონლაინ გაკვეთილები - საქართველოს ისტორია და სახვითი ხელოვნება - ჩატარდება მიმდინარე წლის 7 მარტს, თბილისის დროით 12:00 საათზე. უცხოეთში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდებისთვის საქართველოს ისტორიის გაკვეთილს ლაშა ჩანტლაძე ჩაატარებს, სახვითი ხელოვნების ონლაინ გაკვეთილს კი ანი გოგორიშვილი გაუძღვება.