პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დანიასა და ისლანდიაში საქართველოს საელჩოს საახალწლო მიმართვა თანამემამულეებისადმი


31.12.2020

დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს სახელით, მსურს გულითადად მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი და შობის დღესასწაული.

2020 წელს დაწყებულმა პანდემიამ სრულიად შეცვალა თითოეული ჩვენგანის ცხოვრება და იძულებული გაგვხადა უარი გვეთქვა ჩვენს გეგმებსა და სურვილებზე. სამწუხაროდ, ამ მიზეზით ჩვენი მთელი წლის მანძილზე ვერ მოვახერხეთ თქვენთან ფიზიკურად შეხვედრა და იძულებული გავხდით გაგვეუქმებინა საელჩოს მიერ დაგეგმილი პრაქტიკულად ყველა კულტურული ღონისძიება.

მიუხედავად ამ ურთულესი წლისა, დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთ ჩვენგანს იმედი არ დაუკარგავს და გვჯერა, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ საბოლოოდ გავიმარჯვებთ ამ უთანასწორო ბრძოლაში. ასევე, გვჯერა, რომ 2021 წლიდან ჩვენ თანმიმდევრულად დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს და უკვე ახალი შემართებით გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას.

მსურს, 2021 წელს გისურვოთ, უპირველეს ყოვლისა, ჯანმრთელობა, ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად თავისუფლად დროის გატარების შესაძლებლობა, სიკეთე, ბედნიერება, სიხარული და რაც მთავარია, ულევი წარმატება ჩვენი ქვეყნის  - საქართველოს საკეთილდღეოდ. 

 

დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიგი გიგიაძე