პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დანიის ქალაქ ლოგუმკლოსტერში „საქართველოს დღეები“ გაიმართა


12.10.2020

 

მიმდინარე წლის 9-12 ოქტომბერს დანიის ქალაქ ლოგუმკლოსტერში, ქართულ-დანიური მეგობრობის ჯგუფის ორგანიზებით, გაიმართა „საქართველოს დღეები“, რომელიც მიზნად ისახავდა დანიურ საზოგადოებაში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ქვეყნის ტურისტული, ეკონომიკური და კულინარიული შესაძლებლობების პოპულარიზაციას.

ღონისძიების ფარგლებში, თანამედროვე საქართველოს შესახებ მოხსენება გააკეთა დანიის სამეფოში საქართველოს ელჩმა გიგი გიგიაძემ. სიტყვით გამოსვლისას ელჩმა ხაზი გაუსვა ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს და რუსეთ-საქართველოს-ურთიერთობების ჭრილში განიხილა უსაფრთხოების გამოწვევები. ასევე, მან ისტორიულ კონტექსტში შეაფასა საქართველოს პირველი რესპუბლიკის მნიშვნელობა.

„საქართველოს დღეების“ ფარგლებში, დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსნებებით წარსდგნენ, აგრეთვე, დანიის აკადემიური წრის და ქართული დიასპორის წარმომადგენლები, რომელთაც ისაუბრეს საქართველოს ისტორიის, კულტურის, ქართული ენის, რელიგიისა და ტრადიციების თაობაზე.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე დამსწრეთათვის სპეციალურად კლასიკური ნაწარმოებები შეასრულა ცნობილმა ქართველმა პიანისტმა ნინო კოტრიკაძემ; ასევე, მოეწყო ქართული ღვინის დეგუსტაცია.