პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დავით ზალკალიანი შვედეთში ქართულ დიასპორას შეხვდა


05.11.2019

შვედეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სტოკჰოლმში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა დიასპორასთან ურთიერთობის პრიორიტეტულობას და აღნიშნა, რომ ქართული სახელმწიფო აქტიურად მუშაობს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად. შეხვედრას შვედეთის სამეფოში საქართველოს ელჩმა მალხაზ კაკაბაძემ და საელჩომ უმასპინძლა.

დავით ზალკალიანის განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან ყველა საელჩოს დავალებული აქვს დიასპორის წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაცია და მათი დახმარება.

"დიასპორასთან ურთიერთობა ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. საქართველოს ყველა საელჩოს დავალებული აქვს დიასპორასთან  აქტიური კომუნიკაცია. საელჩო თქვენი სახლია და შესაბამისად, აქ არ უნდა არსებობდეს ბარიერები", - განაცხადა მინისტრმა შვედეთში ქართულ დიასპორასთან შეხვედრაზე.

მინისტრის თქმით, მას დიასპორასთან დაკავშირებული საკითხები პირად კონტროლზე აქვს აყვანილი და მუდმივად საქმის კურსშია მიმდინარე საჭიროებებთან დაკავშირებით. როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, სახელმწიფო მოწადინებულია მოაგვაროს ყველა ის საკითხი, რაც ქართულ დიასპორას აწუხებს. შეხვედრაზე მან მიმოიხილა დიასპორასთან კავშირების განმტკიცების მიმართულებით უკვე განხორციელებული პროექტები და ინიციატივები, კერძოდ, საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამა, დიასპორის ინიციატივების დაფინანსების ფონდი და ასევე, ერთიანი უნივერსალური საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნა.

ამასთან, დავით ზალკალიანმა დიასპორის წარმომადგენლებს გააცნო საქართველოში მიმდინარე პროექტები, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში ბიზნესის, სოფლის მეურნეობის განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვას. როგორც მინისტრმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის პრიორიტეტი სწორედ ინკლუზიური ეკონომიკის განვითარება და მოსახლეობის ყოველდღიური პრობლემების მოგვარებაა. ქვეყნის განვითარების გზაზე მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა სტაბილურობისა და მშვიდობის მნიშვნელობას და ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რასაც საგარეო საქმეთა სამინისტრო პარტნიორებთან ერთად დგამს ამ მიმართულებით.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დიასპორის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია შვედეთში მისი ვიზიტის, გამართული შეხვედრებისა და ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის შესახებ. აღსანიშნავია, რომ 8-წლიანი პაუზის შემდეგ ეს გახლავთ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი შვედეთის სამეფოში.

შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი ქართული დიასპორული ორგანიზაციებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, როგორიცაა ქ. სტოკჰოლმში მოქმედი "ილია ჭავჭავაძის სახელობის ქართული სათვისტომო შვედეთში". სათვისტომო აქტიურ დიასპორულ საქმიანობას ეწევა თანამემამულეებისათვის შვედურ საზოგადოებასთან ინტეგრაციის ხელშეწყობის, ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით. ლელა კუხიანიძისა და ნინო ბიწაძე-ოლოფსონის ხელმძღვანელობით, ორგანიზაციასთან ფუნქციონირებს ქართული საკვირაო სკოლა და ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი "ნერგები", რომელიც ინტენსიურად მონაწილეობს სხვადასხვა კონცერტებში და პოპულარობით სარგებლობს შვედეთში.

რაც შეეხება სტოკჰოლმში არსებულ ქართველ და შვედ ქალთა ორგანიზაციას "დეიზი" / "Daisy Kvinnoforening", იგი არის შვედეთის ქალთა საეთაშორისო ორგანიზაციის - RIFFI-ს წევრი და წარმოადგენს საქართველოს ქალთა საბჭოს სტოკჰოლმში, რომლის ფარგლებში ორგანიზაციამ არაერთი საქველმოქმედო ღონისძიება განახორციელა საქართველოში სოციალურად დაუცველ პირთა დასახმარებლად. "დეიზის" ხელმძღვანელები ქეთევან ბაღათურია და ხათუნა კაკურია გახლავთ. ორგანიზაციასთან ასევე ფუნქციონირებს ქორეოგრაფიული ანსამბლი "ფესვები" (ქორეოგრაფი: ქეთევან შუბითიძე) და ქართული საკვირაო სკოლა.

სტოკჰოლმში არსებული შვედეთის წმინდა გიორგის სამრევლო კი, რომლის მოძღვარი მამა შიო ბიწკინაშვილია, მუდმივად ზრუნავს შვედეთში მცხოვრები ქართული დიასპორის გაერთიანებაზე და თანამემამულეების დასახმარებლად ატარებს საქველმოქმედო აქციებს.

შვედეთის სამეფოში თანამემამულეების უმეტეს ნაწილს სტუდენტები და მეცნიერები შეადგენენ, ასევე, არიან შრომითი მიგრანტები.