პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დღეს, მადრიდი-თბილისის ავიარეისით სამშობლოში დაბრუნდება 180 თანამემამულე


30.04.2020

საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივად და ორგანიზებულად დაბრუნების პროცესს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დღეს, 30 აპრილს,შესრულდება ჩარტერული რეისი მადრიდიდან თბილისის მიმართულებით, რომლითაც სამშობლოში დაბრუნდება საქართველოს 180 მოქალაქე.

მგზავრთა შორის არიან განსაკუთრებული საჭიროებებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ორსული ქალბატონები, სტუდენტები, არასრულწლოვანი მოქალაქეები და ესპანეთის სამეფოში პანდემიის გავრცელების გამო, თავშესაფრის გარეშე დარჩენილი პირები.

ბორტზე, ასევე, იქნებიან ტრანზიტული მგზავრები ლათინური ამერიკიდან, კერძოდ, ურუგვაიდან. აღსანიშნავია, რომ არგენტინაში საქართველოს საელჩოს მიერ არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და მიგრაციის ეროვნულ სამსახურთან გამართული კონსულტაციების შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს უფლება მიეცათ გადმოეკვეთათ ურუგვაი-არგენტინის საზღვარი, რომელიც ჩაკეტილია სანიტარული კრიზისის გამო. საზღვარზე მოქალაქეებს საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები დახვდნენ და მათი ბუენოს-აირესის აეროპორტში გადაყვანა უზრუნველყვეს, საიდანაც საქართველოს მოქალაქეები ესპანეთის მთავრობის მიერ საკუთარი მოქალაქეების რეპატრიაციის მიზნით განხორციელებული რეისით - ბუენოს-აირესი-მადრიდი - ესპანეთში ჩაფრინდნენ.

შეგახსენებთ, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები განაგრძობენ დადგენილი კრიტერიუმებით უცხოეთში მყოფი თანამოქალაქეების დახმარებას. თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ეფექტიანი ორგანიზებისა და მათი ადგილზე დახმარების მიზნით, მოქალაქემ უნდა შეავსოს, ელექტრონული ფორმით, სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებ-გვერდსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებ-გვერდებზე. აღნიშნულ განაცხადში მოცემული მონაცემების დამუშავების შემდგომ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, ახლო მომავალში, დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება:

საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, ევროპიდან საქართველოს მიმართულებით რეისებს კომპანია „Georgian Airways“ ახორციელებს. საბჭოსვე მითითებით, ყველა ასეთ რეისზე ბილეთის ფასი შეადგენს 199 ევროს. აღნიშნული რეისები სრულდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესის სრული დაცვით და ყველა მგზავრი, რომელიც ჩამოდის საქართველოში, გადის 14-დღიან სავალდებულო კარანტინს.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, უკვე შესრულდა რეისები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან, მათ შორის, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, ლარნაკიდან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან, ბარსელონიდან, ვარშავიდან, აგრეთვე, აშშ-დან.

30 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 17 627 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - ორგანიზებულად დაბრუნდა 8 728 მოქალაქე.