პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დღეს, თანამემამულეები სამშობლოში ქუვეითიდან და ესპანეთიდან დაბრუნდებიან


24.04.2020

საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს უცხოეთში მყოფი თანამოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნების პროცესს. დღეს, 24 აპრილს, თანამემამულეები სამშობლოში დაბრუნდებიან ქუვეითიდან და ესპანეთიდან.

კერძოდ, ქუვეითიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, დღეს, თბილისის დროით 11:00 სთ-ზე, ფრენას განახორციელებს ავიაკომპანია „Jazeera Airways“, რომლითაც სამშობლოში დაბრუნდება საქართველოს 11 მოქალაქე, მათ შორის 2 არასრულწლოვანი.

აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქართველოს საელჩოსა და ქუვეითის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეთანხმების საფუძველზე მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ავიაკომპანია „Jazeera Airways“ ქუვეითის მოქალაქეების საქართველოდან რეპატრიაციის მიზნით, ასრულებდა ფრენას თბილისის მიმართულებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეების შეთანხმების საფუძველზე გადაწყდა, რომ მოცემული რეისით ისარგებლებენ ქუვეითში მყოფი საქართველოს მოქალაქეები და ისინი სამშობლოში დაბრუნდებიან.

დღეს, აგრეთვე, შესრულდება ფრენა ბარსელონა-თბილისის მიმართულებით გეგმიური რეისების ფარგლებში. სამშობლოში დასაბრუნებლად ამ რეისით მოსარგებლე მგზავრთა შორის არიან საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეები, ხანდაზმული პირები, ორსული ქალბატონები, სტუდენტები, ონკოლოგიური პაციენტები, ქრონიკული დაავადებების მქონე და თავშესაფრის გარეშე დარჩენილი პირები.

შეგახსენებთ, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები განაგრძობენ დადგენილი კრიტერიუმებით უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას. თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ეფექტიანი ორგანიზების და მათი ადგილზე დახმარების მიზნით, მოქალაქემ უნდა შეავსოს ელექტრონული ფორმით სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებ-გვერდსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებ-გვერდებზე. აღნიშნულ განაცხადში მოცემული მონაცემების დამუშავების შემდგომ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, ახლო მომავალში, დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება:

უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, ევროპიდან საქართველოს მიმართულებით რეისებს კომპანია „Georgian Airways“ ახორციელებს. საბჭოსვე მითითებით, ყველა ასეთ რეისზე ბილეთის ფასი შეადგენს 199 ევროს. აღნიშნული რეისები სრულდება  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესის სრული დაცვით და ყველა მგზავრი, რომელიც ჩამოდის საქართველოში, გადის 14-დღიან სავალდებულო კარანტინს.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად უკვე შესრულდა რეისები ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან და აშშ-დან, მათ შორის, ვარშავადან, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, ლარნაკადან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან და ა.შ., რომლებითაც სამშობლოში დაბრუნდნენ როგორც ამ ქალაქებში მყოფი თანამემამულეები, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მყოფი ქართველები.

მიმდინარე წლის 24 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 13 753 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - სახელმწიფოს ხელშეწყობით - ორგანიზებულად დაბრუნდა საქართველოს 7 600 მოქალაქე.