პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დღეს, თბილისი-რომის ავიარეისით სამშობლოში დაბრუნდება 180 თანამემამულე


22.05.2020

ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების ფონზე, საქართველოს სახელმწიფო განაგრძობს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნების პროცესს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დღეს, 22 მაისს, შესრულდება რიგით მე-4 ჩარტერული რეისი იტალიიდან, რომლითაც სამშობლოში დაბრუნდება საქართველოს 180-მდე მოქალაქე.

აღნიშნული რეისის მგზავრთა შორის არიან არასრულწლოვნები, მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე და ხანდაზმული პირები, ფეხმძიმე ქალბატონები, სტუდენტები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, პანდემიის გავრცელების შედეგად თავშესაფრის გარეშე დარჩენილი პირები, ტრანზიტული მგზავრები და მეზღვაურები, ასევე ონკოლოგიური პაციენტები და პირები ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით. მგზავრები საქართველოში დაბრუნებისას გაივლიან 14-დღიან საკარანტინო პერიოდს.

დღეის მონაცემებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სამშობლოში - სახელმწიფოს ხელშეწყობით  - ორგანიზებულად დაბრუნდა საქართველოს 12 447 მოქალაქე საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ხოლო საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ ადგილზე ქმედითი დახმარება გაეწია 21 146 მოქალაქეს.

[საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხოეთში მყოფი თანამემამულეებისადმი გაწეული დახმარებისა და მათი სამშობლოში დაბრუნების თაობაზე ყოველდღიურად განახლებად სტატისტიკურ ინფორმაციას საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს: http://gov.ge/s/adcb7]