პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დიასპორა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტულ მიმართულებად დასახელდა


30.09.2019

მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, საქართველოს მთავრობამ რიგგარეშე სხდომაზე განიხილა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ქართული დიასპორის ერთიანობის, სიძლიერისა და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის განვითარების უზრუნველყოფა.

დიასპორის პოლიტიკის მიმართულებით, 2020 წლის სამთავრობო ბიუჯეტი ითვალისწინებს საზღვარგარეთ ქართული დიასპორის იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობას, დიასპორის წარმომადგენლებისა და უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მაქსიმალურ ჩართულობას ქვეყნის განვითარების პროცესში, ასევე, მათ ჩართულობას მსოფლიო მასშტაბით ქვეყნის პოპულარიზაციისა და საქართველოს პოზიტიური იმიჯის განმტკიცების საკითხში. მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, გაგრძელდება ყველა მიმდინარე დიასპორული პროგრამის დაფინანსება და ასევე, განხორციელდება ლევილის მამულის რეაბილიტაციის დაფინანსება.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს მთავრობა მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართულ დიასპორაზე. გაგრძელდება ყველა მიმდინარე დიასპორული პროექტის დაფინანსება და ასევე, განხორციელდება ლევილის მამულის რეაბილიტაციის დაფინანსება, რომელიც იქნება ჩვენი ერთი-ერთი პრიორიტეტი. ჩვენი ამბიციაა, რომ უახლოესი 2-3 წლის მანძილზე დასრულდეს ლევილის მამულის რეაბილიტაცია, რათა ეს იქცეს ჩვენი თანამემამულეებისა და ასევე, საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის ქვეყნის წარმოჩენისთვის საუკეთესო ადგილად“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.

ამასთან, მინისტრის განცხადებით, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამოქალაქეებისთვის ეფექტური მომსახურების სათანადოდ გაწევის მიზნით, იგეგმება დიპლომატიური გადაფარვის გაფართოება. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეების მზარდი რაოდენობიდან გამომდინარე, 2020 წელს დაგეგმილია გენერალური საკონსულოების გახსნა იტალიის ქალაქ ბარიში და მიუნხენში, გერმანიაში. აგრეთვე, საგარეო პოლიტიკის დივერსიფიკაციისა და არაღიარების პოლიტიკის ეფექტურად განხორციელების მიზნით, მომავალ წელს აფრიკის კონტინენტზე გაიხსნება საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა.

საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი.