პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

"დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის" კონკურსზე განაცხადის წარდგენა 23 ივნისამდე გახანგრძლივდა


16.06.2020

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაითვალისწინა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების მაღალი ინტერესი  და "დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ვადა 15 ივნისიდან  23 ივნისამდე გაახანგრძლივა. შესაბამისად, უცხოეთში მყოფ ყველა დაინტერესებულ თანამემამულეს აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების წარდგენა შეუძლიათ 2020 წლის  23 ივნისის ჩათვლით.

შეგახსენებთ, რომ საგარეო უწყებამ, სახელმწიფო პროგრამის - „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ ფარგლებში, საგრანტო კონკურსი საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის მიმდინარე წლის 20 მაისს გამოაცხადა. პროექტი წარმოადგენს COVID-19 პანდემიის პერიოდში ადგილსამყოფელ ქვეყნებში ჩვენი თანმემამულეებისთვის ქმედითი დახმარების აღმოჩენის შემდეგ ეტაპს.

პროგრამის ფარგლებში, კონკურსის წესით, დაფინანსდება საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიერ წარდგენილი  ის პროექტები, რომლებიც კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის შემდგომ პერიოდში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებასა და აგრეთვე, მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების/გაერთიანებების ფუნქციონირების ხელშეწყობისკენ იქნება მიმართული.

კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაში შედიან საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლები.

პროექტების განხორციელების ვადა განისაზღვრება მიმდინარე წლის 1 დეკემბრამდე, ხოლო მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ 2020 წლის 31 დეკემბრამდე ცხოვრების უფლება. საგრანტო განაცხადების წარდგენა შესაძლებელია 2020 წლის 20 მაისიდან 23 ივნისის ჩათვლით, მხოლოდ ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: [email protected]   

დეტალური ინფორმაცია წარსადგენი დოკუმენტებისა და კონკურსის პირობების შესახებ, იხილეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე: https://bit.ly/2Ya6v7D 

სახელმწიფო საგრანტო პროგრამას - „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2019 წლიდან ახორციელებს.

 

საგრანტო პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დიასპორული პროგრამების სამმართველოს: ტელ.: (+995 32) 2945000 (შიდა - 3108), მობ.: +995 551 080 060.