პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„დიასპორული ინიციატივების“ პროგრამის ფარგლებში პორტუგალიაში ქართული სკოლა გაიხსნა 


22.10.2020

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ქალაქ ლისაბონში ქართული საკვირაო სკოლა „პატარა საქართველო პორტუგალიაში“ გაიხსნა. ქართველმა ბავშვებმა საკვირაო სკოლაში სწავლა უკვე დაიწყეს.

აღნიშნული სკოლა გახლავთ პირველი ქართული საგანმანათლებლო დაწესებულება პორტუგალიის რესპუბლიკაში. საკვირაო სკოლა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საგრანტო პროგრამის - „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ 2020 წლის გამარჯვებულის - ია ბექაურის პროექტის ფარგლებში დაფუძნდა, რომლის მთავარი მიზანი პორტუგალიაში ქართული დიასპორის კონსოლიდაცია გახლავთ. საკვირაო სკოლა „პატარა საქართველო em Portugal“ ლისაბონში მოქმედი ასოციაციის - „ქართული სახლი პორტუგალიაში“ ფარგლებში იფუნქციონირებს, რომელსაც ხელმძღვანელობს, ასევე, ია ბექაური.

პორტუგალიაში საქართველოს საელჩოს აქტიური ხელშეწყობით, სასწავლო პროცესი სკოლაში უკვე დაიწყო, სადაც ამჟამად, 20-ზე მეტი 6-დან 16 წლამდე მოზარდი ირიცხება. საკვირაო სკოლაში ჩვენს პატარა თანამემამულეებს შესაძლებლობა აქვთ შეისწავლონ ქართული ენა, საქართველოს ისტორია, ხელოვნება, აგრეთვე, დაეუფლონ ქართულ ცეკვას და სიმღერას.

საწყის ეტაპზე, ქართული საკვირაო სკოლა განთავსებული იქნება პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შენობაში.

სკოლის გახსნითი ღონისძიებაც პორტუგალიაში საქართველოს საელჩოში შედგა, რომელსაც კონსულმა მარიამ ალფაიძემ უმასპინძლა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დამფუძნებელი ია ბექაური და პედაგოგები, ასოციაციის - „ქართული სახლი პორტუგალიაში“ წევრები, ასევე, პორტუგალიაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები.