პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დიასპორული ორგანიზაცია „World of Diaspora“-ს ორგანიზებით ჰოლანდიაში ლაშა ღლონტის კონცერტი გაიმართა


05.10.2019

მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს, ქ. ამსტერდამში, ნიდერლანდების სამეფოში ახლადდაარსებული დიასპორული ორგანიზაცია „World of Diaspora“-ს ორგანიზებით, გაიმართა მომღერალ ლაშა ღლონტის შემოქმედებითი საღამო და შეხვედრა ქართველ ემიგრანტებთან.  

ახლადშექმნილმა დიასპორულმა ორგანიზაციამ - „World of Diaspora“ სწორედ აღნიშნული ღონისძიებით დაიწყო თავისი საქმიანობა. ორგანიზაცია მიმდინარე წლის ივნისში დაარსდა ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრები ქართველების - ლალი ბუთბაიას, იზოლდა კვიციანისა და ნინო უბილავას ინიციატივით. ორგანიზაციის სამივე დამფუძნებელი აფხაზეთიდანაა. საღამოზე დიასპორული ორგანიზაციის დამფუძნებლებმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და სამომავლო გეგმები გააცნეს. ახლადდაარსებული დიასპორული ორგანიზაციის მიზანია მიგრაციის და ემიგრაციის საკითხებზე მუშაობა, კულტურული და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება როგორც ნიდერლანდების სამეფოსა და საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებში.

ახალი ქართული დიასპორული ორგანიზაციის დაარსებას მიესალმა ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩი გიორგი შარვაშიძე და აღნიშნა, რომ „დიასპორული ორგანიზაციების გაძლიერება, უცხოეთში მოღვაწე ჩვენი თანამემამულეების კონსოლიდაცია ჩვენი ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხების გარშემო, მათი აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა ქვეყნის განვითარების პროცესში თუ არსებული გამოწვევების დაძლევაში უკიდურესად მნიშვნელოვანია და ჩვენს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად, საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში კვლავაც აქტიურად დაუჭერს მხარს ნებისმიერ საინტერესო წამოწყებას, რომელიც საქართველოს პოზიტიური იმიჯის განმტკიცებას შეუწყობს ხელს. სასიხარულო და იმედის მომცემია World of Diaspora-ს მესვეურთა დიდი ენთუზიაზმი ამ მიმართულებით და კიდევ ერთხელ წარმატებებს ვუსურვებ მათ“.

საღამოს ფარგლებში, მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა ასევე ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის ეპისკოპოსი დოსითეოსი.

ამსტერდამში გამართულ ლაშა ღლონტის შემოქმედებით საღამოს დაესწრნენ ადგილობრივი დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოს საელჩოს თანამშრომლები და ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრები ქართველები.