პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დიასპორულმა ორგანიზაციამ „ვივაჩე“ თბილისში საქველმოქმედო კონცერტი გამართა


29.10.2019

ქ. თბილისში, რუსთაველის თეატრში, შვეიცარიაში არსებულმა დიასპორულმა ორგანიზაციამ „ვივაჩე“ საიუბილეო საქველმოქმედო კონცერტი გამართა. ღონისძიება ასოციაციის დაფუძნების 10 წლის, შვეიცარიული და ლიხტენშტაინის UNICEF-ის 60 წლის და გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტის 30 წლის იუბილეს მიეძღვნა. ამავე დღეს გაიმართა საქართველოში შვეიცარიის საელჩოს ახალი შენობის ინაუგურაცია.

საქველმოქმედო კონცერტის მიზანი გახლდათ ქართველი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერა განათლებისა და მუსიკალური ნიჭის განვითარებაში. შემოწირული თანხებით „ვივაჩე“ შეიძენს მუსიკალურ ინსტრუმენტებს ქართველი ბავშვებისთვის, ხოლო UNICEF კი დაეხმარება ქ. რუსთავის საბავშვო ბაღს.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს ასოციაცია „ვივაჩე“-ს პრეზიდენტმა თამარ კორძაძემ და ვიცე-პრეზიდენტმა რალფ ქოსთგელდმა. დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართა საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფმა შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის ქვედა პალატა) პრეზიდენტმა მარინა კარობიო-გუშეტიმ.

კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა და შვეიცარიელმა ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებლებმა, რომლებიც გახლავთ სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებულები. მაყურებლის წინაშე, "საქართველოს სინფონიეტა"-სთან ერთად, წარსდგნენ არტურ თრაელნესი, ალექსანდრე საჰატჩი, ტიაშა გაფნერი, ნანა გოლიაძე, სანდრო ნებიერიძე, განვაი ფრიდრიჰი და თავად კონცერტის ინიციატორი, ასოციაცია „ვივაჩე“-ს დამფუძნებელი და პრეზიდენტი, პიანისტი თამარ კორძაძე.

შვეიცარიაში მოღვაწე ქართველმა პიანისტმა თამარ კორძაძემ ასოციცია „ვივაჩე“ 2009 წელს დააფუძნა. ასოციაცია უკვე 10 წელია ეხმარება ქართველ ტალანტებს პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში. „ვივაჩე“-მ 10-წლიანი საქმიანობის შედეგად განახორციელა 30 პროექტი და მხარი დაუჭირა 200-მდე ახალგაზრდა ქართველ შემსრულებელს, რომელთაც მიეცათ უცხოეთში ორგანიზებულ მასტერ-კლასებზე დასწრების, საერთაშორისო კონცერტებში მონაწილეობისა თუ სწავლის გაგრძელების საშუალება. ასოციაცია ასევე აქტიურად მუშაობს ლტოლვილ, მზრუნველობამოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და მოზარდთა მხარდასაჭერად, მათთვის მუსიკის გაკვეთილებისა თუ მუსიკალურ-თერაპიული კურსების დაფინანსებით. „ვივაჩე“-ს განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენს საქართველოსა და შვეიცარიას შორის კულტურული ურთიერთობის გაფართოვება.

თბილისში გამართულ საიუბილეო საქველმოქმედო კონცერტს ესწრებოდნენ შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის ქვედა პალატა) პრეზიდენტი მარინა კარობიო-გუშეტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საქართველოში შვეიცარიის ელჩი და საელჩოს სხვა საპატიო სტუმრები, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ადგილობრივი მაცხოვრებლები.

კონცერტი პიანისტ რუდოლფ ბუხბინდერის (ავსტრია), კომპოზიტორ დანიელ ფუეტერის (შვეიცარია), მწერალ პეტერ შტამმისა (შვეიცარია) და მუსიკალური კონკურსების ფონდის დირექტორის მანანა დოიჯაშვილის (საქართველო) პატრონაჟით ჩატარდა.