პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ელჩი ილია გიორგაძე მადრიდის ქართულ საკვირაო სკოლა „აისს“ ეწვია


21.10.2020

მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია გიორგაძე მადრიდის ქართულ საკვირაო სკოლა „აისს“ ეწვია და სკოლის აღსაზრდელებს ქართული ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები გადასცა.

საქართველოს ელჩმა სასწავლო წლის განახლება მიულოცა პატარა თანამემამულეებს და წარმატებები უსურვა საკვირაო სკოლას, რომელიც მიმდინარე წლიდან ახალ სივრცეში განაგრძობს ფუნქციონირებას. ელჩი პირველ სიმბოლურ გაკვეთილს პირადად დაესწრო, ასევე, თანამემამულეებს გაესაუბრა მათთვის აქტუალურ დიასპორულ საკითხებზე.

საქართველოს ელჩმა ყურადღება გაამახვილა ქართული საკვირაო სკოლის არსებობის მნიშვნელობაზე ესპანეთში მცხოვრებ ქართველ ბავშვებში ქართული ენისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნების საქმეში და მადლობა გადაუხადა სკოლის პედაგოგებს - თეა ქურხულსა და ცირა მელქაძეს მათი ფასდაუდებელი წვლილისათვის. ელჩმა აღნიშნა, რომ უცხოეთში მოქმედი ქართული საკვირაო სკოლებისა და ქართული ენის შემსწავლელი კურსების მხარდაჭერა ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ამასთან, შეხვედრაზე დამსწრეებს საქართველოს საელჩოს მრჩეველმა საკონსულო ფუნქციებით თეიმურაზ ბასილაიამ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ესპანეთის სამეფოში COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ახალი რეგულაციების თაობაზე.

აღსანიშნავია, რომ მადრიდის ქართულ საკვირაო სკოლაში პატარა თანამემამულეები ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის შესწავლასთან ერთად, აქტიურად არიან ჩართულნი, ასევე, კულტურულ-შემოქმედებითი სახის ღონისძიებებში. სკოლასთან ფუნქციონირებს, აგრეთვე, ქართული ცეკვის აკადემია „საქართველო“. საკვირაო სკოლა „აისი“ მადრიდში 2012 წელს დაფუძნდა თამარ მეტრეველი-ჩადუნელის ინიციატივით.