პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ელჩი ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში მოღვაწე ქართველ ხელოვანებსა და ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებს შეხვდა 


03.09.2020

მიმდინარე წლის 2 სექტემბერს, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ქეთევან ციხელაშვილმა გაცნობითი სახის შეხვედრები გამართა  „ავსტრიაში ქართული სათვისტომო“-ს წევრებთან და ავსტრიაში მოღვაწე ქართველ ხელოვანებთან.

შეხვედრებზე საქართველოს ელჩმა დიასპორის წარმომადგენლებს გააცნო საელჩოს მიერ დაგეგმილი პროექტები და მათთან ერთად თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა. ქეთევან ციხელაშვილმა თანამემამულეებს, აგრეთვე, მიაწოდა ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებულ სხვადასხვა პროექტში ქართული დიასპორის წარმომადგენლების ჩართვის შესაძლებლობების თაობაზე.

საქართველოს ელჩი თანამემამულეებს, ასევე, ესაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და ტერიტორიულ კონფლიქტებთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე, ავსტრიასთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და ამ მიმართულებით საელჩოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე.

შეხვედრებზე აღინიშნა საელჩოსა და ავსტრიის რესპუბლიკაში მოღვაწე ქართველ ხელოვანებსა და „ავსტრიაში ქართული სათვისტომო“-ს წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისა და მსგავსი ფორმატებით შეხვედრების გაგრძელების აუცილებლობა.

აღსანიშნავია, რომ „ავსტრიაში ქართული სათვისტომო“, რომელიც 2015 წელს დაარსდა, ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და ავსტრიაში მყოფი თანამემამულეების მხარდაჭერის მიზნით, აქტიურად მართავს სხვადასხვა კულტურულ, შემეცნებით-საგანმანათლებლო და საქველმოქმედო სახის ღონისძიებას. ამასთან, სათვისტომოსთან ფუნქციონირებს დავით აღმაშენებლის სახელობის ქართული საკვირაო სკოლა, რომელიც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ავსტრიაში მცხოვრებ ქართველ ბავშვებში ეროვნული იდენტობისა და ქართული ენის შენარჩუნებას.