პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ელჩმა დავით დონდუამ ათენის ქართულ დიასპორულ გაერთიანებებთან შეხვედრები გამართა 


08.06.2020

საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით დონდუამ გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა ათენის ქართული დიასპორული გაერთიანებების წარმომადგენლებთან. მათ შორის, ელჩმა საბერძნეთის ქართული დიასპორის აქტუალური საკითხები განიხილა ათენის ქართული ინსტიტუტისა და კულტურის ცენტრ „კავკასიას“, ათენის ჯანმრთელობის ცენტრის, ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრისა და ათენის ვახტანგ VI სახელობის ქართული საკვირაო სკოლის წარმომადგენლებთან. შეხვედრა შედგა, ასევე, კონსტანტინა დოლიძესთან, რომელიც გახლავთ საბერძნეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის  - იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩიფარგლებში.

კერძოდ, 29 მაისს და 1 ივნისს, ელჩმა დავით დონდუამ საქართველოს საელჩოში უმასპინძლა ათენის ქართული ინსტიტუტისა და კულტურის ცენტრ „კავკასიას“ ხელმძღვანელს, პროფესორ ავთანდილ მიქაბერიძეს, ათენის ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელ ირინა მათურელსა და ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელ ნანა თევდორაძეს, აგრეთვე, ამავე ორგანიზაციის წარმომადგენელ ავთანდილ გიუნაშვილს.

შეხვედრებზე საქართველოს ელჩმა და დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განიხილეს ქართული დიასპორისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხები და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. დავით დონდუამ თანამემამულეებს მიულოცა ქართული დიასპორის დღე და ხაზგასმით აღნიშნა საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების მიერ ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების მხარდაჭერა. ელჩმა, ასევე, აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფოს განვითარების პროცესში ქართული დიასპორის აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა და ემიგრანტთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა წარმოადგენს საელჩოს საქმიანობის ცენტრალურ მიმართულებებს.

ამასთან, 3 ივნისს, ელჩმა დავით დონდუამ შეხვედრა გამართა ათენის ვახტანგ VI სახელობის ქართული საკვირაო სკოლის ხელმძღვანელ დარეჯან ღამბაშიძესთან, რომლის ფარგლებში განხილულ იქნა ათენში საკვირაო სკოლის ფუნქციონირებასთან და ბერძნულ სკოლებში ქართული ენის დამატებით გაკვეთილებთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხები.

დავით დონდუამ მადლობა გადაუხადა სკოლის ხელმძღვანელს იმ თავდაუზოგავი შრომისთვის, რომელსაც იგი უკვე ორი ათეული წელია ეწევა ემიგრანტი ახალგაზრდებისთვის ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის სწავლების საქმეში. ელჩმა აღნიშნა, რომ აუცილებელია, ჩვენმა თანამემამულეებმა, რომლებიც დაიბადნენ და იზრდებიან საზღვარგარეთ, არ დაკარგონ ეროვნული იდენტობა. 

აღსანიშნავია, რომ 4 ივნისს, ელჩმა დავით დონდუამ შეხვედრა გამართა, აგრეთვე, კონსტანტინა დოლიძესთან, რომელიც გახლავთ საბერძნეთში საქართველოს ახალგზრდა ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის – „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ ფარგლებში.  შეხვედრაზე საუბარი შეეხო ახალგაზრდა ელჩის სამოქმედო გეგმას, რომელიც მიზნად ისახავს, კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობების საშუალებით, საქართველოს პოპულარიზაციას საბერძნეთში და საქართველოს უცხოელ ახალგაზრდა მეგობართა ქსელის გაფართოებას. საუბარი შეეხო, ასევე, კორონავირუსის პანდემიის გამო, ახალგაზრდა ელჩის პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ სირთულეებს.

დავით დონდუამ ხაზი გაუსვა საზღვარგარეთ წარმატებული ქართველი ახალგაზრდების აქტიურობის მნიშვნელობას და მათი საქართველოსთან მჭიდრო კონტაქტების შენარჩუნების აუცილებლობას.

საქართველოს ელჩი განაგრძობს შეხვედრებს ქართული დიასპორული გაერთიანებების წარმომადგენლებთან როგორც ათენში, ისე საბერძნეთის რესპუბლიკის სხვა ქალაქებში.