პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ელჩმა ლევან იზორიამ მიუნხენში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა


01.07.2020

27-28 ივნისს, გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია ვიზიტით იმყოფებოდა ქალაქ მიუნხენში, სადაც მან შეხვედრები გამართა ქართული დიასპორული ორგანიზაციებისა და საკვირაო სკოლების წარმომადგენლებთან, ასევე, მიუნხენში მყოფ ქართველ სტუდენტებთან. შეხვედრებზე განხილულ იქნა ქართული დიასპორისა და სტუდენტებისათვის აქტუალური თემები, მათ შორის, გაჟღერდა ქართულ-გერმანული ფორუმისა და  ქართველ-გერმანელი ახალგაზრდების ქსელის ჩამოყალიბების საკითხები.

ვიზიტის ფარგლებში, 28 ივნისს, ელჩი დაესწრო ქ. მიუნხენის ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში აღვლენილ წირვას, რომლის დასასრულს მან სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას. წირვის შემდგომ კი, საელჩოსა და ქ. მიუნხენში არსებული გერმანიის ქართული სათვისტომოს ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა ბავარიისა და ბადენ-ვიუტემბერგის ფედერალურ მიწებზე მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციებისა და საკვირაო სკოლების ხელმძღვანელებთან. კერძოდ, შეხვედრას ესწრებოდნენ ქ. მიუნხენის, ქ. შტუტგარტის, ქ. ნიურნბერგის, ქ. რეგენსბურგისა და ქ. კარლსრუეს დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები. შეხვედრაზე განხილულ იქნა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის, პრობლემური საკითხები, სამომავლო ერთობლივი გეგმები, აღინიშნა თანამშრომლობის გაძლიერებისა და მსგავსი ფორმატით შეხვედრების აუცილებლობა, ხაზი გაესვა ქართულ-გერმანული ფორუმის ჩამოყალიბების საკითხსა და ფორუმში დიასპორული ორგანიზაციების ჩართულობის შესაძლებლობას.

აღნიშნული შეხვედრის გარდა, ელჩმა ლევან იზორიამ შეხვედრა გამართა, აგრეთვე, ქ. მიუნხენში მყოფ ქართველ სტუდენტებთან. შეხვედრაზე, რომელიც საელჩოსა და ახალგაზრდული გაერთიანება "ქართველი ახალგაზრდები გერმანიაში“ ორგანიზებით შედგა, ელჩი სტუდენტებს ესაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების თაობაზე, მათ შორის, საქართველოს გერმანიასთან თანამშრომლობის სტრატეგიაზე, აღინიშნა გერმანიაში განათლებამიღებული ქართველი ახალგაზრდების სამშობლოში დაბრუნების ხელშეწყობისა და მათი სამომავლო პერსპექტივების მნიშვნელობა. შეხვედრაზე, ასევე, გაჟღერდა ქართველი და გერმანელი ახალგაზრდების თანამშრომლობის ფორმატისა და ამ ორ ჯგუფს შორის სამეგობრო ქსელის შექმნის საკითხი, ხაზი გაესვა სამომავლო შეხვედრების ორგანიზებისა და ახალგაზრდულ გაერთიანებასთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.

ვიზიტის ფარგლებში, ელჩი ლევან იზორია, აგრეთვე, ეწვია ქ. მიუნხენში არსებულ საფეხბურთო გუნდს „FC Georgia in München“ და  დაესწრო გუნდის ვარჯიშსს. ვარჯიშის  შემდგომ გაიმართა გაცნობითი სახის შეხვედრა გუნდის წევრებთან.