პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ერფურტში არსებულ ქართულ საკვირაო სკოლას სახელმძღვანელოები გადაეცა 


29.09.2019

მიმდინარე წლის 29 სექტემბერს ქ. მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალური კონსული ლევან დიასამიძე ქ. ერფურტში არსებულ ქართულ საკვირაო სკოლა „საუნჯეს“ ეწვია და სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს საჩუქრად გადასცა ქართული ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები.

სახელმძღვანელოები სპეციალურად საზღვარგარეთ არსებული ქართული საკვირაო სკოლებისა და ქართული ენის შემსწავლელი კურსებისთვისაა განკუთვნილი და იგი საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით.

აღნიშნული სახელმძღვანელოები მნიშვნელოვნად დაეხმარება ერფურტში მოქმედი საკვირაო სკოლის პედაგოგებს სწავლების დონის ამაღლებაში, ხოლო მოსწავლეებს კი გაუმარტივებს ქართული ენის შესწავლას. ინტეგრირებული პროგრამა ქართული ენის კურსის ფარგლებში ასევე მოიცავს საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და ქართული კულტურის საკითხებს. სახელმძღვანელოები აგებულია თანამედროვე სწავლების პრინციპებზე და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სთავაზობს ისეთ სასწავლო მასალას, რომელიც უზრუნველყოფს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის სათანადო ენობრივ-კომუნიკაციური კომპეტენციების ათვისებას და ეხმარება მათ ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.

აღსანიშნავია, რომ „საუნჯე“ უკვე წლებია ფუნქციონირებს როგორც დიასპორულ ორგანიზაციასთან - "ქართულ-გერმანული კულტურული საზოგადოება თიურინგიაში"- არსებული ქართული საკვირაო სკოლა. ორგანიზაცია 2006 წელს დაარსდა და დიანა ცერცვაძის ხელმძღვანელობით, იგი აქტიურად ეწევა გერმანიაში საქართველოს კულტურისა და ტრადიციების წარმოჩენა-პოპულარიზაციას, ასევე, საქველმოქმედო და საგანმანათლებლო საქმიანობას.