პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში „ქართული კულტურის დღე“ მოეწყო


14.12.2020

2020 წლის 10 დეკემბერს, ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში ახლად დაარსებულ „ქართულ სივრცეში“, ბარსელონაში საქართველოს საკონსულოსა და ალიკანტეში მოქმედი ასოციაციის - „საქართველოს რესპუბლიკა და ემიგრანტები“ თანამშრომლობით, „ქართული კულტურის დღე“ ჩატარდა.

ღონისძიების ფარგლებში გაიხსნა ქართველი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა, სადაც წარმოდგენილია ესპანეთში მოღვაწე ქართველი მხატვრის, ნინა ვაჩნაძის ფერწერული ტილოები და ალიკანტელ ხელოვნების მოყვარულთა - მარი კუციას (ნაქარგი), ნათია ასლამაზიშვილისა და დავით ფეიქრიშვილის (ფერწერა და ხელნაკეთი ნივთები) ნამუშევრები.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს, რომელთა შორის იყვნენ ქართული დიასპორისა და ალიკანტეს ადგილობრივი ხელისუფლების, სარესტორნო ქსელის, ღვინის სახლებისა და სამხატვრო გალერეების წარმომადგენლები, შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ უნიკალური ქართული ღვინო.


ამასთან, „ქართული კულტურის დღის“ ფარგლებში მოეწყო ქართული პოეზიის საღამო, სადაც საკუთარი და ცნობილი ქართველი პოეტების ლექსები წაიკითხეს ლელა ქორიძემ, მარინე ბაბუნაშვილმა და ლაშა ბარამიძემ. 

პოეზიის საღამო მუსიკალურად გააფორმეს ნათია კეშელავამ, ნინა ვაჩნაძემ, შორენა ქავთარაძემ და ლაშა ბარამიძემ.

აღსანიშნავია, რომ ქალაქ ალიკანტეში ახლად გახსნილი „ქართულ სივრცე“, სადაც „ქართული კულტურის დღე“ შედგა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ ყოველწლიური საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაარსდა. აღნიშნული სახელმწიფო საგრანტო პროგრამის 2020 წლის გამარჯვებულის, მაყვალა კობაძის პროექტი - „ქართული სივრცე“ ალიკანტეში გულისხმობს კულტურულ-საგანმანათლებლო სახის საქმიანობის წარმართვას ესპანეთში მცხოვრებ თანამემამულეებში ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და ესპანელ ხალხში საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით.