პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ევროპაში მცხოვრებ ქართველ ექიმებთან პრაღაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა


12.10.2019

ამა წლის 12 ოქტომბერს, ქ. პრაღაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ექიმებს შეხვდა. 

შეხვედრა ქართული ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციის ინიციატივით და ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა. აღნიშნული ორგანიზაცია საქართველოში მედიცინის სფეროს განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. 

ღონისძიებაში მონაწილეობა 100-მდე ქართველმა ექიმმა და საქართველოდან ჩასულმა სტუდენტებმა მიიღეს. შეხვედრაზე ახალი პროექტების შემუშავებასა და საქართველოში მცხოვრები სამედიცინო პერსონალის გადამზადების საკითხებზე ისაუბრეს. ექიმებმა სტუდენტებს ინოვაციური პროექტები გაუზიარეს, სტუდენტებმა კი თავიანთი ხედვები და ნამუშევრები წარმოადგინეს.

შეხვედრის ფარგლებში, ეკატერინე ტიკარაძემ ევროპაში მცხოვრებ ქართველ ექიმებს სიტყვით მიმართა. სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში დაგეგმილ რეფორმებში თითოეული თანამემამულის მონაწილეობის მნიშვნელობაზე და საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ექიმებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა. ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ცხოვრების დიდი ნაწილი თავადაც საზღვარგარეთ გაატარა და კოლეგებთან სამომავლო თანამშრომლობის დიდი სურვილი გამოთქვა.

შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, ქართული დელეგაციის სხვა წევრები, ასევე დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მსგავსი სამუშაო შეხვედრა ასევე მომავალ წელსაც გაიმართება ქ. ამსტერდამში.