პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ევროპის 20-მდე ქვეყანაში მყოფ 2000 თანამემამულეს SPAR-ის სასურსათო ვაუჩერი გადაეცემა 


11.04.2020

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და SPAR საქართველოს თანამშრომლობით, ევროპის 20-მდე ქვეყანაში მყოფი განსაკუთრებული საჭიროების მქონე საქართველოს 2000-მდე მოქალაქე  SPAR-ის სავაჭრო ქსელის სასურსათო ვაუჩერით ისარგებლებს.  

„SPAR საქართველოს“ საერთაშორისო პარტნიორების საშუალებით 2000-მდე სასურსათო ვაუჩერი ავსტრიაში, ბელარუსში, ბელგიაში, გაერთიანებულ სამეფოში, გერმანიაში, დანიაში, ესპანეთში, იტალიაში, მალტაში, ნიდერლანდებში, ნორვეგიაში, პოლონეთში, პორტუგალიაში, საბერძნეთში, საფრანგეთში, სლოვენიაში, უკრაინაში, უნგრეთში, შვეიცარიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში მყოფი განსაკუთრებული საჭიროების მქონე საქართველოს მოქალაქეებს გადაეცემათ. თანამოქალაქეები აღნიშნული სასურსათო ვაუჩერებით ჩამოთვლილ ქვეყნებში მდებარე „SPAR INTERNATIONAL“-ის მაღაზიათა ქსელში ისარგებლებენ.

„ეს არის ნათელი, მკაფიო მაგალითი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის, რასაც ჩვენ მივესალმებით. როგორც მოგეხსენებათ, სიკეთე გადამდებია და სწორედ აღნიშნული აქციის შემდეგ უამრავმა იურიდიულმა პირმა, ბიზნეს წრეების წარმომადგენლებმა მოგვმართეს, გამოგვიწოდეს დახმარების ხელი და ჩვენ მათთან - ყველასთან ვთანამშრომლობთ. აქვე, მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე, აქვს ყველა სახის რესურსი მობილიზებული, როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური. დღეის მდგომარეობით, ჩვენ უკვე დახმარება აღმოვუჩინეთ ათასობით თანამოქალაქეს სხვადასხვა ქვეყანაში და გრძელდება ამ დახმარების აღმოჩენა, რაც გულისხმობს მათი თავშესაფრითა და საკვებით უზრუნველყოფას, მედიკამენტების მიწოდებას, მათ ტრანსპორტირებას“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ ნინუამ.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში არსებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, „SPAR INTERNATIONAL“-ის დახმარებით მოკლე დროში მოხერხდა საქართველოს მოქალაქეებისთვის განკუთვნილი აღნიშნული ერთჯერადი აქციის ორგანიზება.

„ჩვენ ძალიან ამაყები ვართ, რომ მოგვეცა „უ-საზღვრო მხარდაჭერის აქციის“ განხორციელების შესაძლებლობა. დიდ მადლობას მოვახსენებ საგარეო საქმეთა სამინისტროს „SPAR INTERNATIONAL“-თან თანამშრომლობისთვის. აღნიშნული აქციის ამ კრიზისულ ვითარებაში განხორციელება იყო ძალიან დიდი წარმატება, ვინაიდან, როგორც მოგეხსენებათ, ყველგან საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. [...] ის, რომ ევროპის 20-მდე ქვეყანაში საქართველოს 2000-მდე მოქალაქე შეძლებს ისარგებლოს „SPAR”-ის სასურსათო ვაუჩერით - ეს ნამდვილად დიდი წარმატებაა“, - აღნიშნა კომპანია SPAR-ის მმართველმა დირექტორმა მირანდა მანჯგალაძემ.

„SPAR INTERNATIONAL“-ის ბრენდი საქართველოს გარდა მსოფლიოს 49 ქვეყანაში, 13 000-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში COVID-19-ის გავრცელების ფონზე, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები ადგილზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად მუშაობის საგანგებო - 24-საათიან რეჟიმზე არიან გადასულები. ამ დრომდე საცხოვრებლით, საკვებითა და პირველადი საჭიროების ნივთებით დახმარება გაეწია საქართველოს ათასობით მოქალაქეს.