პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ბაქოში


28.07.2019

21-27 ივლისს, ბაქოში გაიმართა ევროპის რიგით მე-15 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი (EYOF 2019), რომელშიც მონაწილეობა მიიღო 3600-ზე მეტმა სპორტსმენმა 49 ქვეყნიდან, მათ შორის, 36-მა სპორტსმენმა საქართველოდან.

სპორტულ შეჯიბრებებთან ერთად, ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტმა შეიმუშავა ოლიმპიური კულტურისა და განათლების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფოების შესახებ ცნობადობის ამაღლებას, კულტურისა და ტრადიციების გაზიარებას და ა.შ. აღნიშნულის განხორციელების მიზნით, აზერბაიჯანის მხრიდან შეირჩა ქ. ბაქოს #238-ე საშუალო სკოლა, რომელიც ფესტივალზე წარმოადგენდა საქართველოს აზერბაიჯანში.

ფესტივალის ფარგლებში, „ოლიმპიურ სოფელში“ გაიხსნა კულტურის პავილიონი, რომელშიც ქ. ბაქოს #238-ე საშუალო სკოლამ, აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით, მოაწყო საქართველოს კუთხე. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს სტენდი, ეროვნული სამზარეულო, სკოლის მოსწავლეებმა კი შეასრულეს ქართული ცეკვები და სიმღერები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის სამთავრობო ოფიციალური პირები, საქართველოს საელჩოსა და ადგილობრივი დიასპორული ორგანიზაციების  წარმომადგენლები, ბაქოში მცხოვრები ქართველები.