პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ფრანკფურტში ქართულ-გერმანული საღამო გაიმართა


12.03.2020

10 მარტს, ფრანკფურტის კულტურის ცენტრში (Die Fabrik), ქართული დიასპორული ორგანიზაცია ,,გეორგიკას“ და ქ. მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, გაიმართა ღონისძიება - ,,საქართველო და გერმანია - ხანგრძლივი სიყვარული“. საღამოზე მიმოხილულ იქნა ქართულ-გერმანულ ურთიერთობებ შუა საუკნეებიდან დღემდე.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას თამარა კირშკე-ჯერენაშვილმა გააცნო ქართულ-გერმანული ურთიერთობები ჯვაროსნებიდან პირველ რესპუბლიკამდე, ხოლო დოქტორი ჰანს გრიგოლაიტი დამსწრეებს ესაუბრა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდამდე.

საღამოს ფარგლებში, დიასპორული ორგანიზაცია ,,გეორგიკას“ წარმომადგენელმა, ჰანეს ვირთმა კი, საქართველოს გენერალურ კონსულთან, ლევან დიასამიძესთან ერთად, გამართა დისკუსია ქართულ-გერმანულ ორმხრივ ურთიერთობებზე დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე. ამასთან, გენერალურმა კონსულმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და აღნიშნული კუთხით გერმანიის მნიშვნელოვან როლზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართულ-გერმანული ურთიერთობები ატარებს მჭიდრო პარტნიორულ და მეგობრულ ხასიათს.

ღონისძიების დასასრულს, გენერალური კონსულის თანაშემწემ, ლიკა ტუხაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო საქართველო, როგორც ევროპის ახალი და ტრენდული ტურისტული მიმართულება და მიმოიხილა ბოლო წლებში ტურიზმის სფეროს განვითარების პოზიტიური დინამიკა.

საღამო მუსიკალურად გააფორმა გერმანიაში მოღვაწე ქართველმა პიანისტმა, ეკატერინე კინწურაშვილმა, რომელმაც ქართველი კომპოზიტორების - გია ყანჩელის და ოთარ თაქთაქიშვილის ნაწარმოებები შეასრულა და დამსწრეებს ქართული მუსიკის შესახებ უამბო.

აღსანიშნავია, რომ ქართულ-გერმანული კულტურისა და განათლების ორგანიზაცია „გეორგიკას“ / Georgisch-Deutsche Kultur- und Bildungs organisation „Georgica“ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გერმანიაში საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში. გერმანიაში მცხოვრებ თანამემამულე მოზარდებში ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების მიზნით, ორგანიზაციასთან, აგრეთვე, მოქმედებს ქართული საკვირაო სკოლა. ქართულ-გერმანული კულტურისა და განათლების ორგანიზაცია „გეორგიკა“ 2019 წელს დაარსდა ქალაქ ფრანკფურტში, მის ხელმძღვანელად კი არჩეულ იქნა ხელოვნებათმცოდნე მაია შავლიაშვილი.