პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გაერთიანებულ სამეფოში პირველმა ქართულმა სკოლამ საქველმოქმედო ღონისძიება გამართა 


14.01.2020

2019 წლის 14 დეკემბერს, ქ. ლონდონში, გაერთიანებულ სამეფოში პირველი ქართული სკოლის დირექტორის, ლია ჯიქია-გოგრიჭიანისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლების ორგანიზებით და საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი პირების, მათ შორის, ბავშვებისა და მოხუცების, დასახმარებლად მოეწყო.

შობა-ახალ წელთან დაკავშირებული საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, პირველი ქართული სკოლის შენობაში შეგროვდა შემოწირულობა და საქართველოში გასაგზავნი ამანათები. შემოწირულობები 2019 წლის 26-30 დეკემბრის ჩათვლით გადაეცათ საქართველოში მცხოვრებ უსახლკარო ბავშვებსა და მოხუცებს.

ღონისძიების შედეგად, საქართველოში ფინანსური დახმარება გაეწია 28 ოჯახს, ხანდაზმულთა ჯგუფ „იმედის“ წევრებს, მრავალშვილიან და მარტოხელა დედას სენაკში და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ოჯახს, რომელსაც ლია ჯიქია-გოგრიჭიანის შვილმა, ანა გოგრიჭიანმა ფულად საჩუქართან ერთად საკუთარი ელექტრო ეტლიც გადასცა.

ქ. თბილისში კი, აღნიშნულ საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს გიმნაზია აია–ჯესისა და თბილისის უნივერსიტეტთან არსებული UG სკოლის მოსწავლეებმა.

აღსანიშნავია, რომ საგანმანთლებლო საქმიანობის გარდა, გაერთიანებული სამეფოს პირველი ქართული სკოლა (The First Georgian School in the UK) უკვე არაერთი წელია ახორციელებს მასშტაბური სახის ჰუმანიტარულ და სოციალურ აქტივობებს. ამასთან, სკოლა აქტიურად ეხმარება ბრიტანეთში მცხოვრებ თანამემამულე მშობლებს ადაპტაციაში მათთვის სხვადასხვა ლექცია-სემინარის ჩატარებით. სკოლის ბაზაზე ასევე არსებობს ლონდონის ახალგაზრდა ინვალიდთა თანადგომის ჯგუფი „ანა და მეგობრები“, რომლის თავმჯდომარე გახლავთ ანა გოგრიჭიანი.

გაერთიანებული სამეფოს პირველი ქართული სკოლა ლონდონის მერიისა და მთავრობის მიერ აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ევროპული სათვისტომოს სკოლა. სკოლას მიღებული აქვს უამრავი ჯილდო, მათ შორის, როგორიცაა 2005 წელს „ევროპული სათვისტომო სკოლების სანიმუშო სკოლის წოდება“ ან კიდევ 2016 წელს მეორე ზეხარისხის ბრინჯაოს ორდენი „საუკეთესო კვალიფიკაციის დამხმარე სკოლის წოდებით“.

გაერთიანებული სამეფოს პირველი ქართული სკოლა 1995 წელს დაარსდა პედაგოგ ლიანა ჯიქია-გოგრიჭიანის ინიციატივით.