პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოში დიასპორული პორტალის პრეზენტაცია გაიმართა


26.02.2020

იმდინარე წლის 24 თებერვალს, ლონდონში, საქართველოს საელჩოში გაიმართა დიასპორული ვებ-პორტალის „ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს“ პრეზენტაცია დიდ ბრიტანეთში მცხოვრები დიასპორის წარმომადგენლებისათვის.

შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის რეფორმებსა და პრიორიტეტებზე, მათ შორის, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების მჭიდრო კავშირების უზრუნველყოფაზე სამშობლოსთან. ასევე, წარადგინა ვებ-პორტალის სტრუქტურა და სერვისები, რომელსაც აღნიშნული პორტალი სთავაზობს ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.

კონსულმა მარიამ წერეთელმა დიასპორის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საკონსულო აღრიცხვის უპირატესობებზე, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენისა და მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხებზე.

თავის მხრივ, დიასპორის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ვებ-პორტალი ხელს შეუწყობს საზღვარგარეთ მყოფი ქართველების სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნებას, განვითარებასა და მნიშვნელოვანი სერვისებით სარგებლობას.

დიასპორული პორტალის მიზანია ერთიანი, ძლიერი და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორის განვითარების ხელშეწყობა. ვებ-პორტალი, ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მიგრაციის საერთაშირისო ორგანიზაციის თანამშრომლობით შეიქმნა.