პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

განახლდა სასწავლო პროცესი ვენის დავით აღმაშენებლის სახელობის საკვირაო სკოლაში


06.10.2020

4 ოქტომბერს, „ავსტრიის ქართულ სათვისტომოსთან“ არსებულ დავით აღმაშენებლის სახელობის ქართულ საკვირაო სკოლაში შედგა სასწავლო წლის განახლების აღსანიშნავი ღონისძიება.

2020-2021 სასწავლო წელს საკვირაო სკოლა თანამემამულეებს ევროპულ სტანდარტებზე დაფუძნებულ ახალ ინოვაციურ პროგრამას სთავაზობს, რომელიც განკუთვნილია ასევე ორენოვანი ბავშვებისთვის. სკოლის აღსაზრდელებს წელს შეეძლებათ დაეუფლონ ქართული ენისა და ლიტერატურის, მუსიკისა და ეკოლოგიის საგნებს, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღონ გასვლითი სახის პრაქტიკულ და შემეცნებით გაკვეთილებში.

გაკვეთილები ვენის ქართულ საკვირაო სკოლაში კვირაში ერთხელ - ყოველ კვირას დღეს ჩატარდება, ავსტრიის დროით 14:00 საათზე, შემდეგ მისამართზე: Ebendorferstraße 8, 1010 Wien.

აღსანიშნავია, რომ სასწავლო პროცესის მიღმა, „ავსტრიის ქართულ სათვისტომოსთან“ არსებული დავით აღმაშენებლის სახელობის ქართული საკვირაო სკოლა ავსტრიაში მცხოვრებ ქართველ ბავშვებში ეროვნული თვითმყოფადობისა და მშობლიური ენის შენარჩუნების მიზნით, აქტიურად უწევს ორგანიზებას კულტურულ-შემეცნებითი და მუსიკალური სახის ღონისძიებებს. საკვირაო სკოლამ ფუნქციონირება 2015 წელს დაიწყო და მასში 50-ზე მეტი ქართველი ბავშვი სწავლობს.