პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გენერალური კონსული დიუსელდორფის ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა


18.10.2019

ქ. მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ლევან დიასამიძემ შეხვედრა გამართა დიუსელდორფში არსებული ქართული საკვირაო სკოლის აღსაზრდელებთან და პედაგოგებთან და ადგილობრივი ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

ვიზიტის ფარგლებში, გენერალური კონსული ეწვია დიუსელდორფის წმ. ანთიმოზ ივერიელის სახელობის ქართულ მართმადიდებლურ ეკლესიასთან მოქმედ საკვირაო სკოლას. ლევან დიასამიძემ ქართული საკვირაო სკოლის აღსაზრდელებს საჩუქრად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შექმნილი ქართული ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები გადასცა. დიუსელდორფში არსებულ ქართულ საკვირაო სკოლაში (ხელმძღვანელი: მურმან კოღუაშვილი) ამჟამად 60-ზე მეტი სხვადასხვა ასაკის ქართველი ბავშვი ეუფლება ქართული ენასა და ლიტერატურას, მეტყველებას, მართლწერას. სკოლაში ასევე ტარდება ქართული ენის გაკვეთილები ქართულის შესწავლით დაინტერესებულ უცხოელთათვის და ფუნქციონირებს ქართული ცეკვის სტუდია (ხელმძღვანელი: თათია ქართლელიშვილი).

დიუსელდორფში ვიზიტისას საქართველოს გენერალურმა კონსულმა შეხვედრა გამართა, აგრეთვე, დიუსელდორფის წმ. ანთიმოზ ივერიელის სახელობის ქართულ მართმადიდებლურ სამრევლოსთან, წინამძღვარ მამა ისესთან და ადგილობრივი ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებთან.

აღსანიშნავია, რომ წმ. ანთიმოზ ივერიელის სახელობის დიუსელდორფის ქართული მართლმადიდებლური სამრევლო „მრევლი“ 2006 წლიდან ფუნქციონირებს და მისი მიზანია დიუსელდორფსა და ახლომდებარე ქალაქებში მცხოვრებ თანამემამულეთა გაერთიანება, ქართული კულტურის პოპულარიზაცია და მშობლიური ენის შენარჩუნება ქართველ დიასპორელ ბავშვებში. სამრევლო ასევე აქტიურ მონაწილეობას იღებს კულტურული და სამეცნიერო სახის პროექტებში როგორც საქართველოში, ისე ევროპის სხვა ქვეყნებში.