პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გერმანიაში საქართველოს ელჩი ჰანოვერის ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა


01.07.2019

მიმდინარე წლის 1 ივლისს, ქ. ჰანოვერში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ელგუჯა ხოკრიშვილი ადგილობრივი ქართული დიასპორის წარმომადგენელებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს სათვისტომოსა და საქართველოს სახელმწიფოს შორის შესაძლო სამომავლო თანამშრომლობაზე კულტურის, სოციალური მომსახურებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით. ასევე გაჟღერდა დიასპორული ორგანიზაციის ინიციატივა საელჩოს მიმართ, უშუამდგომლოს ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან რეგულარული შეკრებებისთვის შესაბამისი ფართის მოძიების საკითხში და გამოითქვა სურვილი მომავალში საელჩოსთან მუდმივი დიალოგის არსებობისა და თხოვნა, ქვემო საქსონიაში საკონსულო მომსახურების გახსნის შესახებ. გარდა ამისა, შეხვედრაზე დიასპორის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს სამომავლოდ არჩევნებში ელექტრონული გზით ხმის მიცემის არსებობის მნიშვნელობას.

თავის მხრივ, საქართველოს ელჩმა ჰანოვერის ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა ქვემო საქსონიაში თავისი ვიზიტის მიზანზე და ისაუბრა დიასპორის მიმართულებით სახელმწიფოს იმ პროგრამებსა და ინიციატივებზე, რომლებიც ხელს უწყობს დიასპორის წარმომადგენლების მჭიდრო კავშირის უზრუნველყოფას სამშობლოსთან.

შეხვედრის დასასრულს, ელჩმა დიასპორულ ორგანიზაციას საჩუქრად გადასცა საზღვარგარეთ არსებული ქართული საკვირაო სკოლებისთვის სპეციალურად შექმნილი სახელმძღვანელოები. აღნიშნული ქართული ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა "საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით.