პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გერმანიის ქართული სათვისტომოს ორგანიზებით საქველმოქმედო სროლის ტურნირი გაიმართა


07.11.2019

ქალაქ უნტერვოზენში გერმანიის ქართულმა სათვისტომომ რიგით მეექვსე საქველმოქმედო სროლის ტურნირი გამართა. ქართულ-გერმანული სროლის ტურნირი ლელა ედერისა და დიმიტრი შოიფლერის ორგანიზებითა და დიასპორის წარმომადგენლების მხარდჭერით მოეწყო.

ტურნირის მთავარი მიზანი წელსაც ქველმოქმედება იყო, რომლის ფარგლებში შემოსული თანხა გადაეცა ორგანიზაცია „ცხოვრების შანსს“. აღნიშნული ორგანიზაცია საქართველოში მზრუნველობამოკლებული ახალგაზრდების პროფესიულ განათლებასა და განვითარებაზე ზრუნავს.

გერმანიის ქართული სათვისტომოს სროლის ტურნირში მონაწილეობა ორმოცდაათზე მეტმა ქართველმა და გერმანელმა მსროლელმა მიიღო. ტურნირის პირველი ადგილის მფლობელი ნუცა მჭედლიშვილი გახდა, მეორე ადგილი თინათინ ჩითინაშვილმა დაიკავა, მესამე ადგილზე კი მუხრან მახარაძე გავიდა. საპატიო დაფას წელს მუხრან მახარაძის სახელი შეემატა.

ტურნირს ესწრებოდნენ გერმანიაში საქართველოს ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი, ქართული დიასპორის წევრები, ასევე, სენაკის ქვეითი სადაზვერვო ასეულის სამხედროები, რომლებიც სამხედრო მომზადებას გერმანიაში გადიან.

მიუნხენში არსებული „გერმანიის ქართული სათვისტომო“ საქველმოქმედო სროლის ტურნირს ყოველწლიურად ატარებს. სათვისტომო აღნიშნული პროექტის გარდა, თანამემამულეების დასახმარებლად ახორციელებს სხვა არაერთ მნიშვნელოვან პროექტს. მათ შორის, აღსანიშნავია „წარმატებული სტუდენტების ყოველწლიური დაჯილდოება“, „პროფესიული განათლების მხარდაჭერა საქართველოში“, „ქართული ბიბლიოთეკა“,  „სათვისტომოს საქველმოქმედო ფონდი“, რომლის ფარგლებში შემოსული თანხები მიმართულია საქართველოში სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და  გერმანიაში სამკურნალოდ ჩასული ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის. სათვისტომოსთან ფუნქციონირებს ასევე ქართული საკვირაო სკოლა (ხელმძღვანელი: თინათინ ჩითინაშვილი). ორგანიზაცია გამოირჩევა აქტიური კულტურული საქმიანობითაც, რომელსაც გერმანიის სხვადასხვა ქალაქში - შტუტგარტში, ლაიფციგში, ფრაიბურგსა და ბერლინში არსებული ფილიალების საშუალებით ახორციელებს.  

გერმანიის ქართული სათვისტომო / Georgischer Veren in Deurschland ჯერ კიდევ 1945 წელს დაარსდა, ამჟამად მისი ხელმძღვანელი მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის აეროკოსმოსური ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, პროფესორი ლერი დათაშვილია.