პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„გია ყანჩელის მინიატურები“ - ვენაში მოღვაწე ქართველი ხელოვანების ვიდეო-კონცერტი 


10.12.2020

ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ახალი პროექტის - „ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ხელოვანების ვიდეო-კონცერტები“ ფარგლებში, 10 დეკემბერს შედგა რიგით პირველი ასეთი კონცერტი - „გია ყანჩელის მინიატურები“. ონლაინ კონცერტზე ვენაში მოღვაწე ქართველმა ხელოვანებმა - პიანისტმა ქეთევან სეფაშვილმა, სოპრანო მადინა კარბელიმ და ფლეიტისტმა თემო ხარშილაძემ, ტრიოს სახით, გია ყანჩელის ცნობილი მინიატურები ახლებური არანჟირებით შეასრულეს.

აღსანიშნავია, რომ მინიატურების ციკლი ქეთევან სეფაშვილის, მადინა კარბელისა და თემო ხარშილაძის შესრულებით ცოტა ხნის წინ აუდიო-ალბომის სახით გამოიცა, რომლის პრეზენტაციაც 7 ოქტომბერს ვენაში, Gustav Ignaz Stingl-ის საფორტეპიანო გალერეაში გაიმართა.

ავსტრიაში საქართველოს საელჩოს მიერ ინიცირებული პროექტი - „ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ხელოვანების ვიდეო-კონცერტები“ მიზნად ისახავს პანდემიით შექმნილ რთულ ვითარებაში მყოფი ქართველი ხელოვანების ხელშეწყობას და ფართო აუდიტორიისთვის მათი შემოქმედების წარდგენით ქართული კულტურისა და სამუსიკო ხელოვნების გაცნობას.

აღნიშნული პროექტით გათვალისწინებული შემდეგი ვიდეო-კონცერტების თარიღი წინასწარ განთავსდება საქართველის საელჩოს ოფიციალურ Facebook გვერდზე, სადაც დაინტერესებულ თანამემამულეებს და ფართო აუდიტორიას შესაძლებლობა ექნებათ, Facebook LIVE-ის რეჟიმში იხილონ ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ხელოვანების სხვადასხვა ჟანრის კონცერტები.

 

 

 

„გია ყანჩელის მინიატურები“ - ქეთევან სეფაშვილის, მადინა კარბელისა და თემო ხარშილაძის ვიდეო-კონცერტის ჩანაწერი: