პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გლობალური პანდემიის პირობებში საგარეო საქმეთა სამინისტრო 24-საათიან რეჟიმში ზრუნავდა საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვასა და მათი ინტერესების რეალიზაციაზე - დავით ზალკალიანი


29.12.2020

29 დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საგარეო უწყების მიერ გაწეული სამუშაოს შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა. წლის ანგარიშის წარდგენისას მინისტრმა დეტალურად ისაუბრა პანდემიით გამოწვეულ კრიზისზე.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო 24-საათიან რეჟიმში ზრუნავდა საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვასა და მათი ინტერესების რეალიზაციაზე. მსურს ვისარგებლო შემთხვევით და ყველა დიპლომატს, საკონსულო სამსახურის თანამშრომლებს მადლობა გადავუხადო მართლაც დაუღალავი და უმნიშვნელოვანესი შრომისათვის, რის შედეგადაც საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს 23 296 მოქალაქეს გაეწია სხვადასხვა სახის დახმარება, ხოლო საქართველოში დაბრუნდა 22 862 პირი. პანდემიის პირობებში დახმარება გაეწია 342 მეზღვაურს, განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა სტუდენტებს - საქართველოს პრემიერ-მინიტრის უშუალო ჩართულობით ორგანიზებულად აშშ-დან 78 სტუდენტის, იტალიიდან 73, ხოლო ეგვიპტიდან 10-მდე სტუდენტის ჩამოყვანა მოხერხდა“, - განაცხადა ზალკალიანმა.
 
უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ჩაკეტილი საზღვრების პირობებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, შესრულდა 74 რეისი მსოფლიოს 27 ქვეყნიდან და დიპლომატიური მისიები აქტიურად იყვნენ ჩართულნი და დღესაც აგრძელებენ საქართველოსთვის სამედიცინო ნედლეულის, აღჭურვილობისა და დეფიციტური პროდუქტის მობილიზებას; ხაზი გაესვა, რომ ამჟამად განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა Covid-19 საწინააღმდეგო ვაქცინის მოპოვების თემას. 

მინისტრმა განსაკურებულად გამოყო აშშ-დან 17,37 მლნ დოლარის და ევროკაშირიდან 430 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური დახმარება, ასევე, სამედიცინო და ჰუმანიტარული ტვირთები ჩინეთიდან  (55 ათასი ტონა სამედიცინო აღჭურვილობა); იაპონიიდან (ანტივირუსული პრეპარატი ავიგანი და 300,000,000 იაპონური იენის (2.8 მლნ აშშ დოლარი) დახმარება) და  კორეის რესპუბლიკიდან  (400.000 აშშ დოლარის ჰუმანიტარული დახმარება).

„სამომავლოდ საზღვარგარეთ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვის მხრივ საგარეო უწყება აქტიურად გააგრძელებს მუშაობას. გადაიდგმება ნაბიჯები ელექტრონული და დისტანციური მომსახურებების გასაძლიერებლად, რისი საჭიროებაც კიდევ უფრო გამოიკვეთა  Covid-19 პანდემიის პირობებში. აუცილებლად უნდა მოხდეს გლობალური პანდემიით მიღებული გამოცდილების ანალიზი და მომსახურების შესაბამისი პროდუქტების დანერგვა“, - აღნიშნა ზალკალიანმა.

https://mfa.gov.ge/News/globaluri-pandemiis-pirobebshi-sagareo-saqmeta-sam.aspx?CatID=5