პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

იაპონიაში ახალგაზრდა ელჩის ინიციატივით, ფილმის - „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა გაიმართა


10.04.2020

8 აპრილს, იაპონიის ქალაქ ოიტაში, საქართველოს ახალგაზრდა ელჩის სოფო ბადიაშვილისა და კინოთეატრ  „Cinema 5-ისორგანიზებით, გაიმართა თანამედროვე ქართული ფილმის - და ჩვენ ვიცეკვეთპრემიერა. ახალგაზრდა ელჩმა დამსწრე საზოგადოებას, აგრეთვე, წარუდგინა პრეზენტაცია საქართველოსა და ქართული კულტურის შესახებ. ღონისძიება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ ფარგლებში მოეწყო.

ქართული ფილმის პრემიერის დასასრულს, შედგა დისკუსია ფილმში წამოწეულ სოციალურ საკითხებსა და 21-ე საუკუნის საქართველოზე; „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მსახიობებმა ლევან გელბახიანმა და ბაჩი ვალიშვილმა კი სპეციალურად წინასწარ მომზადებული ვიდეო რგოლის საშუალებით მიმართეს დამსწრე აუდიტორიას და იაპონელ მაყურებელს გააცნეს სამომავლო გეგმები და გაუზიარეს თავიანთი შეხედულებები იაპონური კულტურის მიმართ. აღსანიშნავია, რომ სტუმრებისთვის მოულოდნელი და სასიხარულო აღმოჩნდა მერაბისა და ირაკლის გმირების მიმართვა და მათი აზრის მოსმენა, როგორც ფილმის, ისე იაპონიის შესახებ.

ამასთან, ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდა ელჩმა დამსწრეებს წარუდგინა პრეზენტაცია ქართული ენის, კულტურისა და ღვინის უძველესი ისტორიის შესახებ.

მაყურებელს ფილმის - „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ნახვის საშუალება ქალაქ ოიტაში მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ექნება.

აღნიშნული ფილმის ჩვენების გარდა, იაპონიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა სოფო ბადიაშვილმა და კინოეთეატრ „Cinema 5-ის“ წარმომადგენელმა ტაი ჰაჯიმემ განიხილეს ასევე სამომავალო თანამშრომლობის პერსპექტივები.